დავით უსუფაშვილი: „ოცნება” კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის

„ოცნება” კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც გარდაუვალად აისახება ქვეყნის პრესტიჟზე და ავტორიტეტზე გარეთ”, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, დაჩქარებულად განიხილოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად ან დაემუქრება პრეზიდენტს ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მის ამა თუ იმ ქმედებას.

„პარლამენტის ბიუროს სხდომა დაინიშნა გუშინ გვიან ღამით დღეისთვის, პარასკევისთვის. ეს უცნაური მოვლენაა, რადგან ბიურო ორშაბათობით ტარდება ხოლმე და რა თქმა უნდა, გულმა რეჩხი გვიყო ბევრს, ესე იგი, რაღაცაშია საქმე და გაირკვა, რაშია საქმე -” ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა არათუ შეაჩეროს იმ ცნობილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, რომლითაც გარდაუვალია “ოცნებასა” და “ოცნების” მიერ შერჩეულ პრეზიდენტს შორის დღევანდელი დაძაბულობის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადასვლა, არამედ აპირებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. საქმე ეხება პროექტს, რომელიც წინა კვირაში შემოვიდა, რაც მოჰყვა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და “ოცნების” უკმაყოფილებას, რაც გადაიზარდა სხვადასხვა ტიპის მუქარაში, რომ წავიდოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვიღაცამ იმპიჩმენტიც ახსენა, მერე დაიწყეს ახალი სამართლებრივი საფუძვლის მოძებნა, რომ რაც შეიძლება მეტად მოათვინიერონ პრეზიდენტი და შემოვიდა ეს კანონპროექტი 22 მარტს, გასულ სამშაბათს, პროექტი ბიურომ გადასცა კომიტეტს განსახილველად და დღეს უკვე ინიციატორები მიმართავენ ბიუროს, რომ გასულ 2 დღეში კომიტეტზე არავის არაფერი საწინააღმდეგო პოზიცია არ წარმოუდგენია და მზად ვართ დაჩქარებულად განვიხილოთ პროექტიო. კომიტეტზე წინადადებების წარდგენა ხდება, როცა კომიტეტის სხდომა დაინიშნება და განხილვა იქნება, კომიტეტს 30 დღე ეძლევა განსახილველად და 2 დღეში ამბობენ, შენიშვნები რადგან არ არის, დაჩქარებულად განვიხილოთო. პარასკევს ბიუროს ჩანიშვნა იძლევა საშუალებას, რომ მომავალი კვირის განმავლობაში პროექტი უკვე იქნეს დაჩქარებულად განხილული, წერტილდასმული და პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გაგზავნილი,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში მსგავსი ნაბიჯები ქვეყნის ავტორიტეტსა და პრესტიჟს დააზიანებს.

„ეს ყველაფერი რომ მხოლოდ იურიდიული და ტექნიკური საკითხები იყოს, თქვენს ყურადღებას ამაზე არ შევაჩერებდი, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როცა ქვეყანას უკიდურესად ესაჭიროება კონსოლიდირებული სახელისუფლებო სისტემა, პოლიტიკური ძალები, საზოგადოება, ასეთ ვითარებაში “ოცნება” კვლავ დგმას ნაბიჯს, რომელიც გარდაუვალად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც გარდაუვალად აისახება ქვეყნის პრესტიჟზე და ავტორიტეტზე გარეთ, ეს მაშინ როცა პარალელურად ევროკავშირს ვთხოვთ რაღაცების დაჩქარებულად გაკეთებას, ჩვენ დაჩქარებულად ვაღრმავებთ კონფლიქტს და უფსკრულს უკვე “ოცნების” მიერ შერჩეულ და შექმნილ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს შორის. ეს არის უკიდურესად კონტრპროდუქტიული, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ვფიქრობდი, “ოცნება” გაიაზრებდა რაღაცებს და ცხელ გულზე შემოტანილ კანონპროექტს როგორღაც ისეთ ჩარჩოებში წაიყვანდა, რომ პრობლემები ნაკლები შექმნილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მათ გულის თუ თავის სიცხელეზე ბევრი რამ ახდენს გავლენას და ეს ყველაფერი არასწორი ნაბიჯებისკენ უბიძგებს. ვწუხვარ, რომ ასეთი ამბის მაცნე გამოვდექი დღეს საზოგადოებისთვის. მათი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად პრეზიდენტს ან დაემუქრება ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მის ამა თუ იმ ქმედებას, ცხადია, საკუთარი ინტერპრეტაციით”, – განაცხადა ბრიფინგზე უსუფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები