ანა ნაცვლიშვილი: ვისთვისაც ძვირფასი და ღირებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ მზად ვართ ყველასთან ფართო თანამშრომლობისთვის

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით საექსპერტო წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის ინფორმაციით, საექსპერტო წრის წარმომადგენლებმა პოლიტიკური ჯგუფის წევრებს გააცნეს თავიანთი ხედვა – „10 ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე”. საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია. როგორც პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელოსთვის” ყოველთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ხედვა, განსაკუთრებით ამ საკითხზე და განსაკუთრებით ახლა, ამ ვითარებაში, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ინტერესი და სურვილი, რომ გაეცნო ჩვენთვის და, ზოგადად, პოლიტიკური პარტიებისთვის მათი ხედვა, თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ევროკავშირში გაგზავნილი წევრობის განაცხადი იყოს ზურგგამაგრებული ქვეყანაში სწორი ნაბიჯებით და არ დარჩეს განაცხადი განაცხადად. ცხადია, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას მართებს ძალიან კონკრეტული, დროული ნაბიჯების გადადგმა იმიტომ, რომ რაც უფრო გვიან დაიწყებს ქვეყანა ამ სწორი რეფორმების განხორციელებას, ცხადია, რომ მით უფრო გვიან იქნება შედეგი. ამიტომ, ის ვალდებულებები, რაც საქართველოს აქვს და ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას – უნდა გადაიდგას სწრაფად, უნდა გადაიდგას სწორად და ამ თვალსაზრისით აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი ხელისუფლების, მათ შორის, საპარლამენტო მონიტორინგი, თუ როგორ ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლება თავის ვალდებულებას, რომ რეფორმები იყოს დაჩქარებული და სწორი”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ. „შევთანხმდით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანა არის იმდენად დიდი, მნიშვნელოვანი და ისტორიული ქვეყნისთვის, რომ ამას სჭირდება ეროვნული კონსოლიდაცია.

შესაბამისად, ჩვენ რაც შეიძლება ფართო თანამშრომლობისთვის ვართ მზად ყველასთან, ვისთვისაც ძვირფასი და ღირებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები