მაჭარაშვილი: ოპოზიციასთან კონსულტაციის საფუძველზე, ამნისტიის კანონპროექტი მუხლობრივად იქნება განხილული
ოპოზიციასთან კონსულტაციის საფუძველზე, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მუხლობრივად იქნება განხილული და შესაძლებელია, გარკვეული ტიპის ცვლილებები იყოს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კანონით გათვალისწინებული მთავარი საკითხები პირველი მოსმენით მიღებულია.
„პირველ მოსმენაზე შევჯერდით, თუ რა ტიპის დანაშაულებს შეიძლება, შეეხოს ამნისტია. ახლა უკვე, მათ შორის, ოპოზიციასთან კონსულტაციის საფუძველზე ეს კანონპროექტი მუხლობრივად იქნება განხილული და შესაძლებელია, გარკვეული ტიპის ცვლილებები იყოს, თუმცა, მთავარი პირველი მოსმენით მიღებულია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონი, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პატიმრებისთვის მისჯილი ვადის გადაანგარიშებას შემდეგი წესით ითვალისწინებს – ყოველი ოთხი დღე პატიმარს სასჯელის მოხდის ხუთ დღედ უნდა ჩაეთვალოს.