საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის 2021 წლის ანგარიშები მოისმინეს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) პარლამენტის დელეგაციის საქმიანობა კოლეგებს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა გააცნო.

მისი ინფორმაციით, 2021 წელს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს ფორმატი შეიქმნა, რომელიც ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის და თითოეული დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარეებისგან შედგება. საანგარიშო პერიოდში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს ერთი სხდომა ჩატარდა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდული საფრთხეები, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა;

„ბიუროს სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ხაზი გაესვა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწევებს და საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) წარმატებით შესრულებას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომიტეტის შემდეგი სხდომის გამართვა დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს ასევე გააცნო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში.

დელეგაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს ოთხი სხდომა, აღმოსავლეთ პარტნიორობის კომპონენტის ბიუროს ერთი სხდომა, ყოველწლიური რიგით მეცხრე პლენარული სესია და ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა.

საანგარიშო პერიოდში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2021 წლის 24 ნოემბერს ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის წევრები, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ჩვენთვის ეს დღეისთვის ერთადერთი ოფიციალური ფორმატია, რომელშიც ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დელეგაციები მონაწილეობდნენ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი ინფორმაციით, 2 დეკემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის წევრებმა და აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელებმა, სადაც, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გზავნილი დამტკიცდა.

„ბიუროს გზავნილში დადასტურებულია, რომ ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ასოცირების დაჩქარება და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაცია არის სტრატეგიული მიზანი, რაც რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ერთადერთ გზას წარმოადგენს. არ უნდა იზღუდებოდეს ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი იმ პარტნიორი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, მზად არიან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მან დეტალურად ისაუბრა დელეგაციის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეულ საქმიანობაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებას უკავშირდებოდა საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ბრიუსელში 9-10 ნოემბერს, რომელიც გაიმართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის სპეციალური მოწვევით. სადაც ასევე, მონაწილეობდნენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ევროპარლამენტიდან, ანდრიუს კუბილიუსი, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის, რეგიონების კომიტეტის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაზე, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში სხდომაზე, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა წარადგინა.

მისი ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობდა. 2021 წლის განმავლობაში ასამბლეის ფარგლებში განხორციელდა დელეგაციის წევრების 6 გასვლითი ვიზიტი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია 4 დელეგაცია. 48 შეხვედრა გაიმართა დისტანციურ ფორმატში.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, სესიაზე საქართველოს დელეგაციისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის ანგარიში.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ამოცანას წარმოადგენს ის, რომ ჩართული ვიყოთ არა მხოლოდ იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს უკავშირდება და აქტუალურია არამედ ასევე, მონაწილეობა მივიღოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ზოგადად, ევროპული დღის წესრიგისთვის არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე ჩვენმა დელეგაციის წევრებმა, თამარ ტალიაშვილმა და გივი მიქანაძემ განახორციელეს ორი ინიციატივა, რომლის საფუძველზე ასამბლეა იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კოვიდ 19 პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე, რაზეც მთავარი მომხსენებელი იქნება გივი მიქანაძე”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა ერთი მხრივ, საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და ამავე დროს, საქართველოს მიერ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობას, რადგან ამ პერიოდში ევროპის საბჭოს დღის წესრიგში გაჩნდა ისეთი საკითხები, რომელიც მანამდე არ ყოფილა წამოჭრილი და ასეთი ერთ-ერთი საკითხი იყო ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. საქართველო არის პირველი სახელმწიფო, რომელმაც ევროპის საბჭოში ეს საკითხი დააყენა და ის გახდა ერთ-ერთი წამყვანი საკითხი ევროპის საბჭოს დღის წესრიგისთვის”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მომხსენებელმა, საქართველოში მონიტორინგის მისიის ვიზიტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს შესახებ მოხსენებას მოამზადებს.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ პარტნიორ პარლამენტარებს საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე ესაუბროს. ეს არ შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ევროპის საბჭოს დღის წესრიგს არამედ, ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენთვის იმ ვითარებაში და იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან არის აქტუალური”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები