თბილისის საკრებულოს დელეგაციამ ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარული სესიის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს დელეგაციამ კონგრესის პრეზიდენტს – ლინდერტ ვერბეკს მადლობა გადაუხადა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონგრესის პრეზიდენტმა 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებაში აღნიშნა, რომ ასეთი „არჩევნების“ ორგანიზებით, აფხაზეთის „დე-ფაქტო“ ხელისუფლება, კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და აღრმავებს რეგიონის იზოლაციას, რითაც ზიანი ადგება ადგილობრივ მოსახლეობას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესი ყოველთვის გამოხატავდა ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისადმი. აღნიშნული პრინციპი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის კონტექსტში. როგორც თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, ქართველი ხალხი ინფორმირებულია ევროსაბჭოსა და კონგრესის მხარდაჭერის შესახებ და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ეს თანადგომა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები