მაკა ბოჭორიშვილი: მოველით, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნება და საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული და ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პოზიციური

დღეს საფრანგეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და მას ევროპისთვის ურთულეს პერიოდში უწევს ამ როლის შესრულება. ესეც სამწუხარო დამთხვევაა, 2008 წელს ასევე საფრანგეთი იყო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროკავშირში და ევროკავშირის პოლიტიკაში სხვადასხვა მიმართულებით მართლაც, რომ ტექტონიკური ცვლილებები ხდება, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიამ და ამის შედეგად ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის ფუნდამენტურმა ცვლილებამ ცხადად დაგვანახა, რომ მოცდის დრო აღარ არის და საქართველოს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს მოუსმინეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ 3 მარტს ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე და დღეს საქართველოს განაცხადი, მოლდოვასა და უკრაინის განაცხადებთან ერთად ევროკავშირის ინსტიტუტებში განიხილება.

„მოველით რომ, ქართველი ხალხის ურყევი ნება და საქართველოს ძალისხმევა რაც მიმართულია ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულებისკენ 2014 წლიდან, სათანადოდ იქნება შეფასებული და ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება, იქნება პოზიციური, იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან საფრანგეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) შეხვედრებში, რაც მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესების და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების კონტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები