ცერცვაძე: საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელმაც შეძლო შემოეტანა COVID-ის სამკურნალო უახლესი და ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი „პაქსლოვიდი“

საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელმაც შეძლო შემოეტანა COVID-ის სამკურნალო უახლესი და ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი „პაქსლოვიდი“. ვფიქრობთ, ეს ძალიან სერიოზული ეტაპი გახდება საქართველოში COVID პანდემიის დაძლევის საქმეში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, COVID პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ასეულობით ანტივირუსული მედიკამენტის შექმნის მცდელობა იყო, ბევრმა მათგანმა გაიარა ან გადის კლინიკურ კვლევებს.

„ზოგიერთ მედიკამენტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ზოგიერთი ჯერაც ითვლება იმედისმომცემად. ცალკეული ქვეყნები (ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი, ინდოეთი და სხვ.) დღესაც ხმარობენ ამა თუ იმ აშშ FDA-ის და EMA-ს მიერ არაღიარებულ მედიკამენტებს (ფავიპირავირი, ივერმექტინი, ფლუვოქსამინი და სხვ.), მაგრამ უახლესი, ყველაზე მაღალი სანდოობის კვლევებით სადღეისოდ დადასტურებულია მხოლოდ ოთხი ანტივირუსული მედიკამენტის ეფექტიანობა: „რემდესივირი“, ანტივირუსული „მონოკლონური“ ანტისხეულები, „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“. ამათგან „რემდესივირი“ დღემდე რჩება ერთადერთ ანტივირუსულ მედიკამეტად, რომელსაც აქვს აშშ FDA-ის და EMA-ს ოფიციალური რეკომენდაცია (და არა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში გამოყენების უფლება) ნებისმიერი ასაკის როგორც ჰოსპიტალიზებული, ისე არაჰოსპიტალიზებული ავადმყოფებისთვის.

„რემდესივირს“ დიდი წარმატებით ვიყენებთ საქართველოშიც. ამ მედიკამენტმა ათასობით ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინა. „რემდესივირი“ გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინექციების სახით, რაც სერიოზულად აბრკოლებს მის გამოყენებას ბინაზე დარჩენილ ავადმყოფებში. ანტივირუსული მონოკლონური ანტისხეულები (ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი, კასივირივაბი/იმდევიმაბი, სოტროვიმაბი) ასევე ძალიან ეფექტიანი მედიკამენტებია, მათგან საუკეთესოს – კასირივიმაბ/იმდევიმაბს ასევე წარმატებით ვიყენებდით საქართველოშიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს მედიკამენტი, რომელიც ძალიან ეფექტიანი იყო დელტა და წინამორბედი შტამების მიმართ, არაეფექტიანი აღმოჩნდა ომიკრონის შტამით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ. მეორე ანტივირუსული მონოკლონური ანტისხეულები – სოტროვიმაბი ეფექტიანი იყო ომიკრონის BA.1 შტამის მიმართაც, რომელიც ომიკრონის გავრცელების პირველ ფაზაში დომინირებდა, მაგრამ ისიც ნაკლებეფექტიანი აღმოჩნდა ომიკრონის BA.2 შტამის მიმართ, რომელიც ამჟამად დომინირებს. ანტივირუსული მონოკლონური ანტისხეულები რემდესივირის მსგავსად ასევე გამოიყენება მხოლოდ იტრავენური ინექციების სახით, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ამბულატორიული ავადმყოფების სამკურნალოდ. ამასთან ეს მედიკამენტები ძალიან ძვირია და ძნელად ხელიმსაწვდომი“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უაღრესად დიდი ძალისხმევისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად. საქართველომ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო მედიკამენტის შეძენაზე ზრუნვა, როდესაც ბევრმა მისი არსებობაც კი არ იცოდა.

„მთელი მსოფლიო უდიდეს იმედს ამყარებდა ორ ახალ ანტივირუსულ მედიკამენტზე: მოლნუპირავირზე (მწარმოებელი კომპანია Merck) და „პაქსლოვიდზე“ (მწარმოებელი კომპანია Pfizer), მითუმეტეს, რომ ისინი ტაბლეტირებული მედიკამენტებია, ამიტომ იოლად გამოსაყენებელია ბინაზე მყოფ ავადმყოფებში და ვარაუდობდნენ, რომ სწორედ ეს მედიკამენტები ვაქცინასთან ერთად დაასრულებდნენ COVID პანდემიას. მაგრამ შემდგომმა კვლევებმა უჩვენა, რომ „მოლნუპირავირი“ მხოლოდ 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის რისკებს, ამიტომ მის მიმართ ინტერესი მკვეთრად შემცირდა. სამაგიეროდ „პაქსლოვიდი“ ჯერ-ჯერობით მთლიანად ამართლებს იმედებს, კერძოდ ერთ-ერთი საერთაშორისო, მულტიცენტრული რანდომიზებული კლინიკური კვლევის (EPIC-HR) შუალედური შედეგების მიხედვით დაავადების დამძიმების მაღალი რისკების მქონე არაჰოსპიტალიზებულ COVID-19-ით პაციენტებში „პაქსლოვიდმა“ 89%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის და/ან სიკვდილობის რისკები (https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2118542). ბრწყინვალე შედეგია. შესაბამისად, მედიკამენტზე მთელ მსოფლიოში უდიდესი მოთხოვნაა და თან ის ძალიან ძვირია. მით უფრო სასიხარულო და დასაფასებელია, რომ საქართველომ შეძლო მისი შემოტანა. მედიკამენტი უკვე საქართველოშია და მისი გამოყენება უახლოეს დღეებში დაიწყება.

ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უაღრესად დიდი ძალისხმევის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად. საქართველომ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო მედიკამენტის შეძენაზე ზრუნვა, როდესაც ბევრმა მისი არსებობაც კი არ იცოდა“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, საქართველოში სადღეისოდ გვაქვს ყველა შესაძლებლობა მინიმუმამდე შევამციროთ COVID ავადმყოფების დამძიმება, ჰოსპიტალიზაცია და ლეტალური გამოსავალი.

„პაქსლოვიდი SARS-COV-2-ის პროტეაზას ინჰიბიტორია და წარმოადგენს მედიკამენტების: ნირმატრელვირისა (150 მგ-იანი ტაბლეტი) და რიტონავირის (100 მგ-იანი ტაბლეტი) კომბინაციას. იგი ბლოკავს ვირუსის ცილების წარმოქმნის პროცესს, რის შედეგადაც ვირუსი კარგავს რეპლიკაციის (გამრავლების) უნარს და ხდება ​არაქმედითუნარიანი. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს.

„პაქსლოვიდი“ გამოიყენება დაავადების დამძიმების რისკების მქონე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის COVID-19-ით ამბულატორიული (ბინაზე დარჩენილი) ავადმყოფების (≥12 წლის და 40 კგ.-ზე მეტი წონის) სამკურნალოდ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია. პაქსლოვიდით მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნას COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება მალე და არაუგვიანეს 5 დღის ინტერვალში. ამიტომ აუცილებელია ყველამ COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩაიტაროს COVID ტესტირება, რათა შესაძლებელი გახდეს „პაქსლოვიდით“ მკურნალობის დროულად დაწყება და თავიდან ავიცილოთ დაავადების დამძიმება და ჰოსპიტალიზაცია მისგან გამომდინარე სერიოზული შედეგებით.

„პაქსლოვიდის“ გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით (“ონლაინ კლინიკა“, ოჯახის ექიმი და სხვ.). თვითმკურნალობა დაუშვებელია. დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის ჩვენებების, უკუჩვენებების და სიფრთხილის ზომების თაობაზე ასახულია სპეციალურ გზამკვლევში. „პაქსლოვიდით“ მკურნალობა არ არის რეკომენდებული ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში. ამ შემთხვევაში გამოიყენება „რემდესივირი“ და სხვა მედიკამენტები.
„პაქსლოვიდი“ არ გამოიყენება COVID-19-ის როგორც პრეექსპოზიციური, ისე პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკისთვის და არანაირად არ ანაცვლებს COVID ვაქცინაციას, რომელიც კვლავ რჩება პანდემიის დაძლევის ძირითად საშუალებად.

ამრიგად, საქართველოში სადღეისოდ გვაქვს ყველა შესაძლებლობა მინიმუმამდე შევამციროთ COVID ავადმყოფების დამძიმება, ჰოსპიტალიზაცია და ლეტალური გამოსავალი და მოსახლეობამ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები