მაია ბითაძემ რუსთავის აზოტის ქარხნის გარემოსდაცვითი სისტემები დაათვალიერა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ ქიმიურ საწარმოში არსებული გამონაბოლქვის ფილტრაციის სისტემას გაეცნო.
„ჩვენ დავიწყეთ იმ კომპანიების ერთგვარი რევიზია, რომელთაც უკანასკნელ პერიოდში კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ევალებათ ატმოსფერული ჰაერის თვითმონიტორინგის სისტემის დაყენება და ფილტრაციის სისტემის გამოსწორება. დღეს ვნახეთ რა მდგომარეობაა ამ მხრივ რუსთავის აზოტის ქარხანაში. საწარმო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს შესაბამისი ტექნიკის და ფილტრაციის სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ეს იქნება ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს.
მსგავსი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა კომპანიებთან მიმართებითაც, განსაკუთრებით რუსთავში, რასაც ჩვენ პერმანენტულად მივადევნებთ თვალს პროცესს და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის ხელშესახები შედეგები გვექნება რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით”, – განაცხადა მაია ბითაძემ.