ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, მარია ქრისტინა ვან კოლდამს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მან თავდაცვის მინისტრს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალი თავდაცვის ატაშე ვიცეპოლკოვნიკი, ერიკ ვან ვურენი წარუდგინა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ კონტექსტით აღინიშნა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და საქართველოს უახლეს ისტორიასთან პარალელი გაავლეს. აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა მსოფლიოს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
თავდაცვის მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლებთან ალიანსის წევრი და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა. ამ კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივებში ჰოლანდიელების მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. კერძოდ, საუბარი შეეხო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივასა და სხვა მიმართულებებს. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო სწავლებებში ქართველი და ჰოლანდიელი სამხედროების მონაწილეობაზეც გამახვილდა.
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტრატეგიული დონის ვიზიტების განხორციელებაზე ისაუბრეს.