უკრაინის ზოგიერთ ქალაქში 3-4 დღის საკვების მარაგია დარჩენილი
უკრაინის ზოგიერთ ქალაქში მალე საკვების მარაგი ამოიწურება. საქველმოქმედო ორგანიზაცია Mercy Corps-ის ინფორმაციით, მოსახლეობას საკვები მომავალი 3-4 დღე ეყოფა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული სისტემა „სრულად განადგურებულია“.
“ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი ახლა მიწოდების ჯაჭვის დაუცველობაა. მუნიციპალიტეტების უმეტესობას იმ ადგილებში, სადაც ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, აუცილებელი საკვები პროდუქტები სამი-ოთხი დღის განმავლობაში ეყოფა”, – განაცხადა Mercy Corps-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტივ გორდონმა.
მისი შეფასებით, ხარკოვისა და სუმის მოსახლეობის სულ მცირე 70% მთლიანად არის დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე.