ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი დესტაბილიზაციასა და რადიკალიზმთან ასოცირდება, ეს მისი ზნეა და, როგორც ჩანს, ამის გამოსწორება ვერ ხერხდება
სააკაშვილი დესტაბილიზაციასა და რადიკალიზმთან ასოცირდება. ეს მისი ზნეა და, როგორც ჩანს, ამის გამოსწორება ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ამ პარტიის მხრიდან რაიმე ტიპის რადიკალური სცენარის განვითარებას. სააკაშვილს აქვს და ჰქონდა სურვილი, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნილიყო. მისი და მისი პარტიის სურვილია ძალაუფლებაში რევანშისტულად მოსვლა ისე, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, თუმცა, ყოველ ჯერზე ამ ყველაფერს წერტილი დაესვა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციური ჯგუფების ბულინგს განაგრძობს.
“მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ჯგუფების ბულინგს განაგრძობს. ეს იმ ოპოზიციურ ჯგუფებს ეხებათ, რომლებიც სააკაშვილის ბულინგის ქვეშ მანამდეც ხშირად ექცეოდნენ და მის მიერ დაწერილი სცენარით მოქმედებდნენ. ბევრი პარლამენტშია, ზოგმა პარლამენტი დატოვა – სააკაშვილის დღევანდელი განცხადება მათ მიემართება და მათ უნდა ჰკითხოთ, იზიარებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის წინადადებას”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და განაცხადა: „გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ, პარლამენტიდან გამოხვიდეთ, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ სალაპარაკოა მხოლოდ ერთ საკითხზე – როდის მოშორდებით ხელისუფლებას. სხვა კითხვა-პასუხი დღესდღეობით არ
შეიძლება, იყოს“.