მიხეილ სარჯველაძე: დაურეგულირებელი საკითხების სამართლებრივი გზებით დარეგულირების მცდელობას თუ ოპოზიცია ვინმეს დასჯად აღიქვამს, მათი პრობლემაა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია თუ სამართლებრივი გზებით დაურეგულირებელი საკითხების დარეგულირების მცდელობას ვინმეს დასჯად აღიქვამს, ეს ძალიან ცუდია და მათი პრობლემაა.
„მათი განცხადებები არის ჭიქაში ქარიშხლის შექმნის მცდელობა. არ მგონია, კანონპროექტის გასაკრიტიკებლად საგნობრივად სწორი არგუმენტები ჰქონდეთ შერჩეული. ეს საკითხი ნაკლებად საკამათოა. შესაბამისად, ალბათ უმჯობესია, ეს საკითხები გადაწყდეს სამართლებრივი ინსტრუმენტების, მათ შორის, კონსტიტუციური მართლმსაჯულების გამოყენების გზით და ამაში რა არის მიუღებელი ოპოზიციისთვის, ეს მათი მხრიდან გაუგებარია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. კანონპროექტის ინიცირება 21 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.