ჟოზეფ ბორელი: რუსეთი ომის დანაშაულებს ჩადის, ევროკავშირი ნავთობის სანქციებს განიხილავს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის სექტორში სანქციები განიხილოს, ასევე, დიპლომატმა მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებს უდიდესი სამხედრო დანაშაული უწოდა.
ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა.
“ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა სანქციები შეიძლება, იყოს დაწესებული, მეტი სანქცია. კერძოდ, ენერგეტიკასთან დაკავშირებით”, – თქვა ბორელმა.
მან დაადასტურა, რომ მინისტრები რუსეთის ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ.
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის. მარიუპოლში მიმდინარე მოვლენებს ბორელმა “უზარმაზარი სამხედრო დანაშაული” უწოდა.
„ის, რაც მარიუპოლში ხდება, არის უზარმაზარი სამხედრო დანაშაული, რაღაც საშინელი, ეს კატეგორიულად უნდა დავგმოთ, ქალაქი მთლიანად განადგურებულია, ხალხი იღუპება“, – განაცხადა მან.