საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული სასკოლო ასაკის ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 უკვე ჩარიცხულია.

“სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის პარალელურად, როგორც ცნობილია უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს დღის განმავლობაში ათობით დაინტერესებულმა პირმა უკვე მიმართა.

ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობითა და კოორდინაციით, სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თითოეული ბავშვისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობა.

მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში სასურველ ენაზე მიიღონ.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები