ვლადიმერ ბოჟაძე – „ნაციონალურ მოძრაობას: დაანებეთ ჩვენი სახელმწიფოს მტრობას თავი

„დაანებეთ ჩვენი სახელმწიფოს მტრობას თავი, ძალიან გთხოვთ“, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს წევრმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის სახელმწიფოს, ხალხს სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე სრულად უჭერს მხარს უკრაინას მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ომის დაწყებიდან ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო რუსეთთან ღია კონფრონტაციაში როგორმე ჩაერთოს.

„სანქციების დაწესებას ითხოვს პოლიტიკური პარტია, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თავად დაუწესა „სანქციები“ რუსეთს.

ვგულისხმობ უვიზო რეჟიმს, რომლის გაუქმებისკენ ახლა თავად მოგვიწოდებენ. შევახსენებ მათ, რომ 2012 წლის 9 აპრილს მიხეილ სააკაშვილი პირადად მივიდა ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და მადლობები უხადა რუსეთის მოქალაქეებს იმისათვის, რომ ისინი ქვეყანაში შემოდიოდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის მერე მხარი დაუჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას და სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადასცა რუსეთს არაერთი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი. მინისტრ ვანო მერაბიშვილი ამბობდა რომ ის „მზად არის დაეხმაროს რუს მეგობრებს პოლიციის რეფორმაში“. თავად ვანო მერაბიშვილი აღიარებდა, რომ თქვენ ღია იყავით რუსი ტურისტებისთვის, ბიზნესებისთვის, ინვესტიციებისთვის რომლის 80% სახელმწიფო კაპიტალი ანუ უშუალოდ რუსეთის ხელმძღვანელობის კონტროლირებადი ფინანსები და რესურსები იყო და იშველიებდა ცნობილ პერეფრაზს, რომ ფულს თურმე სუნი არა აქვს და ნებისმიერი ინვესტიცია და კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი, მათ შორის რუსული“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლის პრობლემა არავის აქვს და ბოლო ათი წელი როგორ მთავრდება ეს ბრძოლა ყველა დონის არჩევნებში ჩანს. „თქვენ ძირს უთხრით სახელმწიფოს და პირდაპირ მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევით. დაანებეთ ჩვენი სახელმწიფოს მტრობას თავი, ძალიან გთხოვთ. მშვიდობა და წარმატებები უკრაინას და მშვიდობა და წარმატებები საქართველოს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები