ირაკლი ბერაიამ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინაში ომზე, საქართველოსა და მთლიანად რეგიონის, უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე. სტუმრის მხრიდან აღინიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ნატო-სთან თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები, ასევე, ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია, გადაიდგას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები