კოკა კაციტაძე: ჟურნალისტების უფლებებისა და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 17 მარტს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბარში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და ოპერატორები იმყოფებოდნენ რესპონდენტთან ინტერვიუს ჩასაწერად, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მისცა ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ფაქტიდან მალევე, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოიკითხნენ დაზარალებული ჟურნალისტი და ოპერატორები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ვიდეო ჩანაწერი, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.
უმოკლეს დროში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჩვენს მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე“, – განაცხადა კაცაძემ.
ბრიფინგზე იგი ასევე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომლების მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტსაც გამოეხმაურა.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს, გუშინ ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომლების მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტსაც. ამ დროისთვის გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.
ჟურნალისტების უფლებებისა და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური“, – აღნიშნა კაცაძემ.