ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა: დიდი ხანია, მარიხუანას ეწევა, ჰალუცინაციები ჰქონდა

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. პროცესზე მოწმეების იკითხებიან.

ბრალდებულის მამის, გოჩა გზირიშვილის ჩვენების თანახმად, მისი შვილი ნარკოტიკულ საშუალებას – მარიხუანას მოიხმარდა და ჰალუცინაციები ჰქონდა.

მისი თქმით, მკვლელობამდე გარკვეული პერიოდით ადრე, მან შვილს ფსიქიკური პრობლემები შენიშნა და ექიმთან წაიყვანა. მოწმის თქმით, შვილის ქცევებში არაადეკვატურობას ხედავდა.

გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა შემთხვევის დღეზე. მისივე თქმით, მკვლელობის დღეს, მას მეორე შვილი მასწავლებელთან ჰყავდა წაყვანილი, რა დროსაც, მეზობლებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ უბედური შემთხვევა მოხდა.

“80% ამ მოსაწევს ეწევა, ყველაზე ერთნაირად ხომ არ მოქმედებს? კონკრეტულად მარიხუანას ეწეოდა. როგორც მერე გავარკვიე, დიდი ხანია, რაც ეწევა…. ჰალუცინაციები ჰქონდა, გიჟივით დადიოდა, დარბოდა. სანამ პრობლემას შევამჩნევდი, ბავშვს გულში იხუტებდა, მერე იყო მომენტი, როცა ბავშვი წაიქცა და ყურადღება არ მიაქცია, იყო მომენტი, როცა ბავშვი წაიქცა, აიყვანა და ქეთის უყვიროდა, რატომ არ აქცევ ყურადღებასო. მეუღლემ მითხრა, ქეთიც ამჩნევს, რომ გოგა შეიცვალა და გთხოვ მიხედეო და ამის მერე წავიყვანე ექიმთან. გოგას რამდენჯერმე ვთხოვე ექიმთან წასვლა, არ ვარ გიჟიო, მეუბნებოდა, მერე დამთანხმდა. ექიმს ვუთხარი, არაადეკვატურია-მეთქი. 3 დასახელების წამალი – დამამშვიდებლები გამოუწერა, ერთთვიანი კურსი იყო. გოგას ყველაფერი აღიზიანებდა, დამამშვიდებლებს სვამდა, მაგრამ მაინც ყველაფერი აღიზიანებდა, ეუბნებოდა ქეთას, წადი ცოტა ხანი, გამეცალეო. ფიზიკური შეურაცხყოფა გამორიცხულია, არასდროს ყოფილა. ჩემი რძალი იგივე შვილი იყო, არავითარი ეჭვიანობა არ ყოფილა. გოგას მეგობრებს ვთხოვე, მოწევა იქნება თუ დალევა, მოერიდეთ, გოგას წამლებს ვასმევ-მეთქი”,- განაცხადა გზირიშვილმა.

ბრალდებულის მამის თქმით, მან შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, ორსული რძალი შვილს გაარიდა და დეიდასთან წაიყვანა.

“რადგან გოგა წამლებს სვამდა, გამოვარიდე, იმის გამო კი არა, რომ იჩხუბეს. უბრალოდ, გავარიდე, დისტანციურად რომ იქნება, დაწყნარდება, თან ორსულმა არ ინერვიულოს-მეთქი. აფორიაქება, უძილობა ჰქონდა, შიშებიც ჰქონდა – ფარდას გაწევდა, კარს გააღებდა და იხედებოდა ხოლმე”,- განაცხადა გზირიშვილმა.

ბრალდებისა და დაცვის მხარის შემდეგ, მოწმეს კითხვებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემაც მიმართა. ის დაინტერესდა, შესწრებია თუ არა მამა, შვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, რაზეც გზირიშვილმა განაცხადა, რომ შესწრებია. მოსამართლემ ასევე ჰკითხა, მარიხუანის გარდა მოიხმარდა თუ არა ბრალდებული სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, მაგალითად, ე.წ. ბიოს, რასთან დაკავშირებითაც მოწმემ თქვა, რომ მისი შვილი შესაძლოა, აღნიშნულ ნივთიერებასაც მოიხმარდა.

ჩხიკვაძემ მოწმეს ასევე ჰკითხა, თამაშობდა თუ არა დაკავებული აზარტულ თამაშებს, რასთან დაკავშირებითაც გზირიშვილმა უპასუხა, რომ “ბოლო პერიოდში მიეძალა”.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა დანით მიაყენა. შედეგად ორსული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გოგა გზირიშვილი ბრალს აღიარებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები