ნინო ლაცაბიძე: პირადად გავაკონტროლებ უფასო სასადილოებს, მანამდე სანამ, ერთი რუსთაველი მაინც ისარგებლებს კვების პროგრამით
რუსთავის მერია, პირველი თებერვლიდან, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, ნუტრიციოლოგების მიერ შედგენილ, გაუმჯობესებულ მენიუს სთავაზობს.
ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, დღეს საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, სასადილოების მონიტორინგი განახორციელა. რუსთავის მერი, საკვები პროდუქტის გაცემის პროცესს დაესწრო და ახალ მენიუსთან დაკავშირებით ბენეფიციარების მოსაზრებები მოისმინა.
,,ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ სოციალურად დაუცველი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და პრემიერის ინიციატივა, მათ დასაქმებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, პირადად გავაკონტროლებ უფასო სასადილოებს, მანამდე სანამ, ერთი რუსთაველი მაინც ისარგებლებს კვების პროგრამით. ჩვენ, წელს 300 ათასი ლარით გავზარდეთ პროგრამის დაფინანსება, ეს თანხა მთლიანად მენიუს გაუმჯობესებას მოხმარდა და არა ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდას. ნუტრიციოლოგების დასკვნით, დღიური კალორაჟი 1200-დან 1800-მდე გავზარდეთ, გავაუმჯობესეთ არსებული პირობები და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
არსებული ინფორმაციით, რუსთავის მერიის სასურსათო პროგრამით, 2050 სოციალურად დაუცველი სარგებლობს, წლევანდელი ბიუჯეტი 1 500 000 ლარია.
,,იმ მრავალ სიახლეს შორის, რომელიც ქალაქში ხორციელდება, ერთ-ერთი გახლავთ უფასო სასადილოების ბენეფიციარების საკვებით მომსახურების გაუმჯობესება. მათი კვების რაციონი გამრავალფეროვნდა. ჩვენ, მერიასთან ერთად ყოველთვის აქტიურად ვიქნებით ჩართულები მონიტორინგის პროცესში, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ხარისხიანი სერვისი მიიღონ”, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ლიანა ჯღარკავამ.
რუსთავში არსებულ ოთხივე სოციალურ სასადილოში მოქმედებს ვიდეოკონტროლის სისტემა, რაც სრულფასოვანი მონიტორინგის საშუალებას იძლევა, უახლოეს პერიოდში, კი აღრიცხვის ელექტრონული საბარათე სისტემაც ამოქმედდება. მაქსიმალურად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, მენიუს შეცვლა, კი პროგრამის ბენეფიციარების თხოვნის საფუძველზე მოხდა.