მიხეილ სარჯველაძე: „პოლიცია არის უწყება, რომელიც დარაჯობს თითოეული ადამიანის თითოეულ უფლებას”

„შეიძლება ბევრს ახალგაზრდა ასაკის გამო არ ახსოვდეს მდგომარეობა, რომელიც 2012 წელს „ქართულ ოცნებას” დახვდა და რომელიც გვაქვს დღეს ამ ხელისუფლების პირობებში. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: 25 000 პატიმრის ნაცვლად, 10 000-ს ჩამოვცდით, ან კიდევ შეკრებითობის წესი რომ აღარ გვაქვს და 30 წლით არ ვაპატიმრებთ ლუდის მომპარავ არასრულწლოვანს,”- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

მისი თქმით, ბევრი პროგრესული ნაბიჯია გადადგმული და რეფორმაა გატარებული, მათ შორის, ვახტანგ გომელაურის ჩართულობით.

„მთავარია, რომ სამინისტრო ორიენტირებულია პროგრესზე და პროგრესირებს და ვახტანგ გომელაურის დამოკიდებულებაც ამ პროცესში კარგად ჩანს და იკვეთება, რომ თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე რომ ჰქონდეთ კონკრეტული მაჩვენებლები გაუმჯობესებული”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი შეფასებით, მინისტრის ანგარიშში საუბარი იყო ყველა გამოწვევაზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ანგარიშში იყო საუბარი, მაგალითად, შშმ პირთა უფლებებზე და სამოქმედო გეგმაზე. რა თქმა უნდა, ეს დასაფასებელია, რომ მინისტრი და სამინისტრო ამ კონტექსტში ხედავს და განიხილავს როგორც მიმართულებას შემდგომში განვითარებისთვის”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, პოლიცია არის უწყება, რომელიც „დარაჯობს თითოეული ადამიანის თითოეულ უფლებას” და სწორედ ამ ფუნქციიდან გამომდინარეობს მისი პირადი პატივისცემა და დაფასება ყველა პოლიციელისადმი და უწყების სათავეში მდგომი ვახტანგ გომელაურისადმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები