ანი წითლიძე ვახტანგ გომელაურს: საამაყო ქართული პოლიცია კრიმინალებთან გარიგებულ ადამიანებად აქციეთ
„არავინ ქართულ პოლიციას არ აყენებს იმხელა შეურაცხყოფას რამხელასაც თქვენ და თქვენი პოლიტიკური გუნდი, როდესაც ამ ადამიანებს აიძულებთ საარჩევნოდ გარიგებულები იყვნენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, კანონიერ ქურდებთან, მაყურებლებთან, იღებდნენ მათ დავალებებს და თავჩაღუნული იდგნენ მათ წინაშე”, – ამის შესახებ ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ვახტანგ გომელაურს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს.
მისი თქმით „ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდს პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ერთ დროს საამაყო პოლიცია დღეს კრიმინალებთან გარიგებულ ადამიანებად აქციეს.
„ვფიქრობ, თქვენ და თქვენს პოლიტიკურ გუნდს, ძალიან ბევრ რამეზე უნდა დაგეკისროთ პასუხისმგებლობა, მაგრამ პირველ რიგში იმაზე, რომ საამაყო ქართული პოლიცია გახადეთ ადამიანებად, რომლებიც არბევენ ანტისაოკუპაციო მიტინგებს, დასდევენ პულვიზატორებს, რომლებიც უკანონო ჩვენებებს იძლევიან და რაც ყველაზე მთავარი და საგანგაშოა სახელმწიფოსთვის და მტკივნეული ჩემთვის, თქვენ, ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია აქციეთ კრიმინალებთან გარიგებულ ადამიანებად”, – განაცხადა ანი წითლიძემ.
მისი თქმით, ძალიან მძიმე საყურებელი იყო თუ როგორ იღებდნენ დავალებებს საარჩევნოდ პოლიციის უფროსები კრიმინალური ავტორიტეტებისგან.
„არაფერი იმაზე მძიმე საყურებელი არ არის, ვიდრე საარჩევნო უბანთან თავჩაღუნული მდგარი სამართალდამცავი, რომელსაც აქვს დავალება, არ შეიმჩნიოს უბნებზე მობილიზებული კრიმინალური ავტორიტეტები მმართველი პარტიის სასარგებლოდ”, – განაცხადა ანი წითლიძემ.