ტარიელ ნაკაიძე: შსს ვერ ახერხებს და ვერ სპობს რუსულ პროპაგანდას
„თქვენ ახსენეთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმ ძალადობრივი მუქარის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მარნეულში ალტ-ინფოს მიერ. ალტ-ინფოს წარმომადგენლები არც კი მალავენ, გამოდიან ღიად და საუბრობენ, რომ ყველას გაუსწორდებიან „როგორც მათ ეკადრებათ”, ანუ ძალადობრივად. რა პრევენციულ ღონისძიებას ატარებს გამოძიება? ამბობთ, რომ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ეს გამოძიება რამდენად იცავს იმ ადამიანებს? რამდენად შესაძლებელია ამ გამოძიებით სამირა ბაირამოვა იყოს დაცული და მას არ ემუქრებოდეს რაიმე სახის საფრთხე?” – ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის” წევრმა ტარიელ ნაკაიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც პარლამენტში, „მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმინეს.
დეპუტატის თქმით, შსს არ რეაგირებს ძალადობრივი და მუქარის შემცველი განცხადებების მიმართ და ვერ ახერხებს საქმის გამოძიებას.
Toktv-ის ჟურნალისტის მიმართ იყო ალტ-ინფოს წარმომადგენლების მიერ მუქარის შემცველი განცხადება. თქვენ აქ ვერ დაინახეთ მუქარაც და არც კი დაიწყეთ ამ ჟურნალისტების დაცვა და ამ საქმის გამოძიება. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საბაბს, რომ შსს ვერ ახერხებს და ვერ სპობს რუსულ პროპაგანდას, რუსული პროპაგანდის წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში და არ რეაგირებს სამართლებრივად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ მსგავსი ქმედებების პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.