როსტომ ჩხეიძე: ჩვენი პოლიცია უფრო პარტიული დანამატია, ვიდრე სახელმწიფოებრივი ინსტიტუცია
“ჩვენი პოლიცია უფრო პარტიული დანამატია, ვიდრე სახელმწიფოებრივი ინსტიტუცია”,- ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა როსტომ ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
მისი განცხადებით, ხელისუფლების მსგავსი ქმედება აზიანებს საზოგადოებას და სავალალო შედეგს მოიტანს მმართველი პარტიისთვისაც.
„თავის საპარლამენტო მოხსენებაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცოდვად უთვლიდა ოპოზიციას პოლიციელებისადმი გამოჩენილ უპატივცემულობას და დასძენდა, -მათი მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, მათ, ვინც ხალხის არჩეულიაო. ვითომ ოპოზიცია სცოდავდეს და პოლიციას არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს, როდესაც მათ მიმართ უნდობლობას გამოხატავენ. არადა ჩვენი პოლიცია ხომ უფრო პარტიული დანამატია, ვიდრე სახელმწიფოებრივი ინსტიტუცია. აღასრულებს მმართველი პარტიისა და მისი არაოფიციალური წინამძღოლის უშუალო მითითებებს, რომ ხალხის ალალი გულისტკივილი და გულისწყრომა ჩაახშოს და აღასრულებს მკაცრად და სამართლებრივი ნორმების დარღვევით.
არ გამაჩნია არავითარი ილუზია, რომ „ქართული ოცნება” პოლიციას გამოაცლის პარტიულ დანიშნულებას და აღარ გამოიყენებს პოლიტიკურ იარაღად, მაგრამ რაკიღა მისადმი არასახარბიელო დამოკიდებულება არის არამარტო ოპოზიციის, არამედ ხალხის განწყობილების გამომხატველიც, იქნებ როგორღაც შეანელოთ პარტიული დიქტატი და პოლიციელებს მისცეთ საშუალება გამოავლინონ პატრიოტიზმიც, ჰუმანიზმიც, თანაგრძნობაც და ყველა ის ღირსებაც, რაც ცალკეულ პიროვნებებს მომადლებიათ, მაგრამ პოლიტიკურ იარაღად გადაკეთების შემთხვევაში სრულიად იკარგება და ბრმა მორჩილება კი იმ ადამიანების დარბევისაკენ უბიძგებთ, ქვეყნის სიყვარულით გულანთებულნი რომ აპროტესტებენ ხელისუფლების მცდარ თუ დაუთვლელ ნაბიჯებს. ეს ყოველივე თუ სასიკეთოდ არ შემოტრიალდება უფრო და უფრო დაზიანდება ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება და საბოლოოდ, სავალალოდ დასრულდება მმართველი პარტიისთვისაც”,- განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.