მამუკა მდინარაძე: სანქციები დააზიანებს მხოლოდ საქართველოს და არა იმას, ვინც შეიძლება ამ სანქციების ობიექტი იყოს, მათ შორის საქართველოს მხრიდან

ჩვენ ვართ ოკუპაციის პირობებში და ამ დროს ყველას ვთხოვ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გაათვითცნობიერონ ის რისკები, რაც ამ განსაკუთრებულად ცუდ სიტუაციაში ამ ქვეყანას აქვს და ნუ დაგვაყენებენ ამ რისკების წინაშე პირისპირ, პატარა ქვეყანას, რომელსაც აქვს ოკუპირებული ორი ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი რეგიონი და შესაბამისად, რისკებიც აქვს მომეტებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რა მინიშნებები და ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, თუნდაც ეს ჩვენი მეგობრები და პარტნიორი ქვეყნებს წარმომადგენლები იყვნენ, სანქციები არ დაწესდება ერთდერთი მთავარი მოტივით – სანქციები დააზიანებს მხოლოდ საქართველოს და არა იმას, ვინც შეიძლება ამ სანქციების ობიექტი იყოს, მათ შორის საქართველოს მხრიდან.

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ ვუპასუხოთ ყველა ადამიანს, ჩვენს მეგობარს მათ შორის და ნებისმიერს, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული, რომ სამი მიმართულებაა – პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ, და ყველა პლატფორმაზეა საუბარი, ჰუმანიტარული მხარდაჭერა და სანქციებთან მიერთება. ორთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ურყევი და არ გადაიხედება არასდროს. ის, რომ რუსეთი არის აგრესორი და მის წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი მეგობარი უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით, ეს არის ურყევი ნება საქართველოსი, ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების. ასევე ჰუმანიტარულ მხარდაჭერაშიც იგივე პოზიცია გვაქვს.
რაც შეეხება სანქციებს, აქ ჩვენ სიღრმეებშიც არ ვაპირებთ შესვლას, იქიდან გამომდინარე, რომ მერე საკამათო არ გახდეს ერთი თუ მეორე საკითხი, ეს რატომ და მეორე არა, ჩვენ დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ ამ სანქციებში არ ჩავერთვებით, არ ვუერთდებით, არ ვაწესებთ ერთადერთი მთავარი მოტივით, რომ მიგვაჩნია – საქართველოს დააზიანებს სანქციები მხოლოდ და სამწუხაროდ და არა იმას, ვინც შეიძლება ამ სანქციების ობიექტი იყოს, მათ შორის საქართველოს მხრიდან.
ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი, რამდენჯერაც არ უნდა იყოს, მათ შორის, რა მინიშნებებიც არ უნდა იყოს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, თუნდაც ეს ჩვენი მეგობრები და პარტნიორი ქვეყნებს წარმომადგენლები იყვნენ, ჩვენ მათ ბევრს ველაპარაკებით ამ თემაზე, მე პირადად გუშინ მქონდა ერთერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ელჩთან შეხვედრა და ამაზე ვისაუბრეთ ბევრი.
ის, რაც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, არ გავაკეთებთ არაფერს, ნებისმიერი წინადადების მიუხედავად, თუ ჩვენ ვიცით და დარწმუნებული ვართ, რომ რაღაც საკითხი, სანქცია იქნება თუ სხვა, დააზიანებს ამ ქვეყანას და მის მოქალაქეებს და არა რუსეთს – ამ ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანას, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვალთ ქართული ინტერესებიდან.
გარდა ამისა, ერთი რამ უნდა გავათვითცნობიეროთ ყველამ – საქართველო არის ის გამონაკლისი, ბევრ ქვეყანას შორის, რომელიც არის ოკუპირებული ქვეყანა. ამ ქვეყნის საუბედუროდ, რუსი ჯარისკაცი და რუსეთის სამხედრო ძალები დგანან აქედან, ამ ადგილიდან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში. ჩვენ ვართ ოკუპაციის პირობებში და ამ დროს ყველას ვთხოვ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გაათვითცნობიერონ ის რისკები, რაც ამ განსაკუთრებულად ცუდ სიტუაციაში ამ ქვეყანას აქვს და ნუ დაგვაყენებენ ამ რისკების წინაშე პირისპირ პატარა ქვეყანას, რომელსაც აქვს ოკუპირებული ორი ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი რეგიონი და შესაბამისად, რისკებიც აქვს მომეტებული,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები