იაგო ხვიჩია: არასდროს გვიფიქრია იმაზე, რომ ნულოვანი ტოლერანტობა, რაზეც სააკაშვილს და “ნაცმოძრაობას” ვაკრიტიკებთ, შეგვეცვალა
„ჩვენ ავირჩიეთ პოლიციის საბჭოთა მოდელი, სადაც პოლიციელი კანონის სახელით მოქმედებს და სისტემის თანამშრომლებში წახალისებული არ არის ადამიანურობის გამოჩენა. ნულოვანმა ტოლერანტობამ ძალიან ბევრი რამ გააფუჭა, მათ შორის, პოლიციის თვალსაზრისით და ეს პოლიცია უკვე ძალიან საშიში გახდა”, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის” სახელით იაგო ხვიჩიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
დეპუტატმა პოლიციისა და შესაბამისი სამართლის წარმოშობისა და ეტაპობრივი განვითარების ისტორია შეახსენა კოლეგებს. მისი თქმით, 2005 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, აღნიშნულმა სისტემამ ბევრი თავისუფლება წაიღო და არა მხოლოდ ადამიანების, არამედ მოსამართლეების. მისივე თქმით, ეს კანონმდებლობა ზღუდავს მოსამართლეებს გადაწყვეტილებების მიღებისას. „არასდროს გვიფიქრია იმაზე, რომ ნულოვანი ტოლერანტობა, რაზეც სააკაშვილს და “ნაცმოძრაობას” ვაკრიტიკებთ, შეგვეცვალა, მაგრამ კიდევ უფრო ვამკაცრებთ მას”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მაგალითად, მან ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადადგმული საკანონმდებლო ნაბიჯები დაასახელა. „ჩვენ მივდივართ კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით და ეს ხდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ბოლო 30 წელია კომუნისტურ კანონმდებლობას ვამკაცრებთ”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.