საქართველოსა და პოლონეთის პრემიერმინისტრებმა ბათუმში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამუდამოდ უკვდავვყოთ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი, მისი ნათელი ხსოვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავიეცკისთან ერთად, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„იგი ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, უფრო მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტი კაჩინსკი ჩამოფრინდა თბილისში, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი სუვერენიტეტისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. დღეს, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე უმძიმესი მოვლენების დროს, ყველას გვახსენდება მისი გაფრთხილება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ თუ წინ არ აღუდგებოდნენ საქართველოსადმი აგრესიას, მომავალში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ჯერი დადგებოდა. მისი ტრაგიკული, უდროო გარდაცვალება ჩვენმა ხალხმა ისევე განიცადა, როგორც მოძმე პოლონელებმა. ლეხ კაჩინსკის ხსოვნის უკვდავყოფით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მადლიერებას მისდამი და, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ არჩევანს, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში. დიდება ჩვენს გმირებს!”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ღირებულებებზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერმინისტრმა. მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერმინისტრს ძეგლის გახსნისა და პრეზიდენტ კაჩინსკის ხსოვნის პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა.

„თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა.

ლეხ კაჩინსკი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და პატივი სცა საქართველოს თავისუფალ არჩევანს, საქართველოს მამაც ხალხთან დაამტკიცა, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა და ალბათ ამიტომაც გახდა რუსეთის იმპერიის პირველი მტერი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ქმედება, ჟესტი. დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არა მარტო ის მიმართულებები, რომელიც გარშემო ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ ყოვლისა, მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა. მათეუშ მორავიეცკიმ, სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ქართულ-პოლონური მეგობრობის სიძლიერეს და პრეზიდენტ კაჩინსკის როლს ამ მიმართულებით. „დიდი მადლობა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ძეგლის აქ გახსნის შესაძლებლობისთვის. ქართულ-პოლონური მეგობრობა არის ძლიერი, რუსეთის აგრესიის გამო დღეს არსებული ეგზისტენციური საფრთხეების მიუხედავად. დიდი მადლობა ყველას. ის გაკვეთილები, ის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ, თაობებს დაგვიტოვა ლეხ კაჩინსკიმ და მისი რწმენა, იმ ურთიერთობისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ერებს ერთმანეთთან, უნდა გვახსოვდეს და ეს სიტყვები გვიჩვენებდნენ სწორ გზას საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში”, – აღნიშნა მათეუშ მორავიეცკიმ. ძეგლის გახსნის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები, სახელმწიფო მდივანმა მინისტრის რანგში, პრემიერმინისტრის ადმინისტრაციიდან მიხალ დვორჩიკმა წაიკითხა პოლონეთის ვიცეპრემიერის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძმის, იაროსლავ კაჩინსკის მიმართვა.

„დიდი პატივი მაქვს, მოგმართოთ თქვენ და რამდენიმე სიტყვა ვუთხრა ქართველ ხალხს.

ჩემთვის ძალიან დიდი მოვლენაა, რომ ჩემი ძმის, ლეხ კაჩინსკის ძეგლი გაიხსნა საქართველოში, ბათუმში. ძალიან პატივს ვცემ ჟესტებს, რომლებსაც ქართველი ხალხი ჩემი ძმის პატივსაცემად გამოხატავს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას და ადამიანს, რომლებმაც გააკეთეს ყველაფერი, რათა ძეგლი გახსნილიყო, ძალიან დიდი მადლობა ამ ჟესტისთვის. საქართველოს მოქალაქეებო, მოგმართავთ თქვენ, რომ ჩემი ძმის მოღვაწეობაში საქართველო იკავებდა ძალიან დიდ ადგილს.

ლეხ კაჩინსკის შეეძლო, მსხვერპლი და რისკი გაეწია იმისთვის, რომ დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ის ჩამოვიდა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად და შემდეგ ევროპულ არენაზე გამოხატავდა საქართველოს ინტერესებს, საქართველოსი, რომელიც დგას ევროატლანტიკურ გზაზე. ის თვლიდა, არწმუნებდა ყველას, რომ თუნდაც მცირე, პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, აქვს უფლება, გადაწყვიტოს თავისი გეზი და საერთაშორისო პოლიტიკის ურთიერთობებს ის აღიქვამდა, როგორც პარტნიორულ ურთიერთობებს. ის ყველა ღონეს მიმართავდა, რომ მხარი დაეჭირა საქართველოსთვის. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ძმური კავშირი, რომელიც აკავშირებდა ჩვენს ერებს და ჩვენ ორ ქვეყანას და ცდილობდა ამ მეგობრობის და ურთიერთობების უფრო მეტად გამყარებას. ჩემი ძმის ძეგლის გახსნა არის იმის მაგალითი და დასტური, რომ ჩვენი კავშირი, ჩვენი მეგობრობა უფრო მყარი და მჭიდრო ხდება”, – აღნიშნავს მიმართვაში იაროსლავ კაჩინსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები