ნიკოლოზ სამხარაძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გიორგი ხელაშვილი. მხარეებმა საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიასა და საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ აგრესიით შექმნილ გამოწვევებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შესახებ.

ელჩმა, საკუთარი ქვეყნის სახელით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

„ივლისის თვიდან ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ელჩმა დაგვიდასტურა, რომ, როგორც ყოველთვის, თავმჯდომარეობის პერიოდშიც ჩეხეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები