მათეუშ მორავიეცკი: ირაკლი ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს
ირაკლი ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მორავიეცკის თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ქართველებზე უკეთ უკრაინელებს ვერავინ გაუგებს.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია. რა შეიძლება, გავაკეთოთ ამისთვის? პოლონეთი გამოდის ინიციატივით, რომ სანქციების პაკეტები, რომელიც უკვე მიღებულია ევროპის საბჭოს, ევროკომისიის მხრიდან, გაღრმავდეს და თითო დანგრეულ, დაბომბილ სახლს თითო სანქცია დაემატოს იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ ეს ბარბაროსული მიდგომა მიუღებელია. არის ხმები, თითქოს, საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინას, უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.