მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილის განცხადებაზე: ადასტურებს იმას, რომ “ნაცმოძრაობა” რეალურად განწყობილია საქართველოში ომის დასაწყებად

სააკაშვილის განცხადება ადასტურებს იმას, რომ ეს არის ხალხი [ნაციონალური მოძრაობა], რომელიც რეალურად განწყობილია საქართველოში ომის დასაწყებად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის, ხელისუფლებამაც, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომლისთვისაც ეს მისაღები არაა, მათ შორის, საზოგადოებამაც, რომ წინ აღვუდგეთ ასეთი ბრუტალური გეგმების განხორციელებას საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც: „იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რაც დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, ამავე დროს, გაანეიტრალოს ოპოზიციის საქმიანობა“.

სარჯველაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მავნებლურ საქმიანობას ეწევა და სწორედ ასეთი მიზნების გამო ეძახის მმართველი გუნდი მას “ომის პარტიას”.

„სამწუხაროდ, ეს შეიძლება, განვიხილოთ, როგორც დასტური იმისა, რაოდენ მავნებლურია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა, რასაც ვამბობთ ამდენი ხანია, რომ, რეალურად, ეს ხალხი არის მოწადინებული, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, აქ შექმნას ომის საფრთხე და ომის პარტიასაც იმიტომ ვარქმევთ. ამის ნათელი დადასტურებაა, უბრალოდ ამას გაასაღებენ შემდეგ როგორც რეალობას ობიექტურად შეფასებულს და არა მათ მიერ ინსპირირებულს. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდი მოვლენაა, ადასტურებს იმას, რომ ეს არის ხალხი, რომელიც რეალურად განწყობილია საქართველოში ომის დასაწყებად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ხელისუფლებამაც, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომლისთვისაც ეს მისაღები არაა, მათ შორის საზოგადოებამაც, რომ წინ აღვუდგეთ ასეთი ბრუტალური გეგმების განხორციელებას საქართველოში, როგორიც არის ამ შემთხვევაში საქართველოში პოლიტიკური პარტიის არსებობა, რომლის მიზანი და ამოცანაა საქართველოში საომარი საფრთხის გაჩენა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები