ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთის პრემიერმინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, უკრაინას ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით რეზოლუციების თანასპონსორი

პოლონეთის პრემიერმინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, უკრაინას ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით რეზოლუციების თანასპონსორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველო კვლავაც იქნება უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გააგრძელებს მის მხარდაჭერას. მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრემიერმინისტრს საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციისა და საქართველოს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების უკრაინაში ტრანსპორტირების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „პრემიერმინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, იქნებოდა ეს გაერო-ს რეზოლუცია, ეუთო-ს ფორმატში, ევროკავშირის ფორმატში, ევროპის საბჭოს ფორმატში – ჩვენ ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით ამ რეზოლუციების თანასპონსორი, თანაორგანიზატორი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ომის დანაშაულები უკრაინაში.

ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი და გასაგები. რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარულები ვართ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისევე, როგორც პოლონეთს, საქართველოს უკრაინასთან აკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია. ცხადია, ჩვენ კვლავაც ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარულები და მტკიცედ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა თქმა უნდა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ გადავუხადო მადლობა პოლონეთს და მის პრემიერმინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც პოლონეთმა გამოიჩინა საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციისა და ჩვენ მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების უკრაინაში ტრანსპორტირების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები