მედიაპროექტი „მოიტანე ამბავი“ იწყება – თბილისში, 4 ცენტრალურ მეტროსადგურთან ვიდეოებით აღჭურვილი კაბინები დაიდგმება
საქართველოში „მედიაპროექტი „მოიტანე ამბავი“ იწყება, რომლის ფარგლებში თბილისში, 4 ცენტრალურ მეტროსადგურთან: „ახმეტელის მეტროსთან“, „მარჯანიშვილის მეტროსთან“, „მეტრო დელისთან“ და „მეტრო რუსთაველთან“ ვიდეოებით აღჭურვილი კაბინები დაიდგმება. ნებისმიერ ადამიანს კაბინებში შესვლა, ნებისმიერ თემაზე საუბარი და ვიდეოს ჩაწერა შეეძლება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პროექტის ხელმძღვანელმა, მერაბ ხიდაშელმა და პროექტის თანაავტორმა, მსახიობმა გიორგი გურგულიამ ისაუბრეს.
„მსგავსი იდეა არცერთ ქვეყანას და არცერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას არ განუხორციელებია. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში ამა თუ იმ თემაზე საზოგადოების გამოკითხვა ხდება, ყველას მხარე აქვს. ანუ, ვინც ფულს იხდის და გამოკითხვაზე შეკვეთას აკეთებს, მხარეც ისაა. რაც შეეხება ამ მედიაპროექტს: უნიკალურია იმ მხრივ, რომ აქ მხარე არ არსებობს.
ოთხი მეტროსადგურის შესასვლელთან საარჩევნო კაბინების მსგავსი კონსტრუქციები დაიდგმება. პროექტს „მოიტანე ამბავი“ ჰქვია. 18 საათის განმავლობაში ამ კაბინებში ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომელსაც მუშაობა დამოუკიდებლად შეუძლია, მზის სისტემაზე მუშაობს. ნებისმიერ ადამიანს ამ კაბინაში შესვლა და 3 წუთის განმავლობაში ნებისმიერ თემაზე, თავის მოსაზრებაზე საუბარი შეუძლია. პროექტი 3-თვიანია. ამის შემდეგ ამ მასალის ვერიფიცირება მოხდება, ის დამონტაჟდება და საათ-ნახევრიანი დოკუმენტურ -მხატვრული ფილმი გაკეთდება. მასალის 3-3 -წუთიანი ჩანართების სახით ტელევიზიებში გაშვებას ვაპირებთ. რა არის პროექტის მთავარი არსი – 3 თვის შემდეგ საზოგადოებას წინ მთელი ჩვენი მოქალაქეების ფსიქო-სომატურ -სოციალურ სურათს დავუდებთ: სინამდვილეში რა აღელვებთ, რა უნდათ, ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება როგორ წარმოუდგენიათ.
პროექტს ორი საქველმოქმედო ფონდი აკეთებს. ესენია – Dei Gzatia და „კასცი“, ასევე არტჯგუფი“ – განაცხადა ხიდაშელმა.
პროექტის თანაავატორები ასევე არიან მუსიკოსი – დავით ევგენიძე და მსახიობი – გიორგი გურგულია. „მოიტანე ამბავი“, დაახლოებით, ერთ კვირაში დაიწყება.