საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა გრძელდება – ცესკოსა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის შესაძლებლობის შესწავლას საარჩევნო პროცესში. 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის საპილოტე რეჟიმში განხორციელება იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. „ძალიან ამაყები ვართ რომ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკსა“ და ცესკოს შორის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენ, დღეს გავაფორმეთ ხელშეკრულება ამ არჩევნებისთვის ბათუმში.

2021 წელს, ცესკოსთან თანამშრომლობით ჩავატარეთ წარმატებული პილოტი. ამჯერად კი ვცდილობთ დავნერგოთ სხვა ტექნოლოგიური სიახლეებიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს უკეთ მოვემზადოთ მომავალი არჩევნებისთვის“, – განაცხადა სმარტმატიკის წამომადგენელმა გილერმო სოლოსმა. „საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებას. აღნიშნული კი ჩართულ მხარეებთან ერთად შეფასდება, ვიმსჯელებთ წარმატებული თუ წარუმატებელი იყო ჩვენი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა. საბოლოოდ, ჩვენ საშუალება გვექნება ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ტიპის ტექნოლოგიების გამოყენება არის საჭირო საარჩევნო პროცესის სწორად წარმართვის კუთხით, იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გამჭვირვალე არჩევნები ჰქვია“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძემ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია ქ. ბათუმში, იმიტირებული კენჭისყრის ჩატარებას გეგმავს, რაც საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებას გულისხმობს. სწორედ აღნიშნული იმიტირებული არჩევნების შემდეგ, ცესკო ჩართულ მხარეებთან კონსულტაციით მიიღებს გადაწყვეტილებას შუალედურ არჩევნებზე, რომელი საარჩევნო პროცედურა იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობით კრწანისის ოლქის 31 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები