ბექა ოდიშარიამ უკრაინაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, უკრაინაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილე კიევის, დნიპროს, ოდესის, ხარკოვის და სხვა რეგიონების დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი იძულებით გადაადგილებულია და ამჟამად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება.

შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს ევაკუაციასა და ჰუმანიტარულ საკითხებში.

ამასთან, უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქალაქ ლვოვიდან.

ბექა ოდიშარიამ ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას და ეფექტიან მუშაობას უკრაინაში. მადლობა გადაუხადა უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს და პირადად ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს, რადგან, მიუხედავად მძიმე საომარი ვითარებისა, ისინი რჩებიან კიევში და სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებენ ჩვენი თანამემამულეების დახმარებას. მისივე თქმით, კიევი დატოვა ყველა ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ, გარდა საქართველოსი და პოლონეთისა, რაც ნამდვილად დასაფასებელი და გმირობის ტოლფასია.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აპარატის წევრები მუდმივ კონტაქტზე არიან უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები