რატომ გაიზარდა საქართველოში საწვავის ფასი და რომელი ქვეყნები დგანან „ქართული“ ნავთობკომპანიების უკან

რუსეთ-უკრაინის ომის მძიმე მოვლენების ფონზე, მსოფლიომ პუტინის ხელისუფლება მკაცრი სანქციების ქვეშ მოაქცია.  უკრაინის მხარდასაჭერად, მრავალი ქვეყანა უარს ამბობს რუსულ პროდუქციაზე. ასე იქცევიან საქართველოშიც –  არ ყიდულობენ რუსეთის მიერ ნაწარმოებ  პროდუქტს და  სხვადასხვა ფორმით ღიად გამოხატავენ მის მიმართ თავის მწვავე პოზიციას, ხშირად კი, აგრესიას.

ეს მოვლენები, ბუნებრივია,  მკვეთრად შეეხო როგორც საერთო ეკონომიკას, ისე –  სამომხმარებლო ბაზარს: უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ბაზარზე ფასები, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი საწვავია, რომლის ფასის ზრდა საზოგადოებაში ყოველთვის მძაფრ პროტესტს იწვევს. თუმცა, ქართველების დიდმა ნაწილმა  ჯერ კიდევ არ იცის, საწვავის მომწოდებელი იმ კომპანიებიდან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, რომელია რუსული

„კვირა“  დაინტერესდა ამ კომპანიების წარმომავლობით და საკითხის შესახებ რამდენიმე კვალიფიციურ ექსპერტს ვკითხეთ.

როგორც ეკონომისტი, აფბა-ს (ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია) ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, საწვავის ძირითადი მომწოდებლებიდან რუსული რამდენიმეა:

სოკარიაზერბაიჯანული კომპანიაა, „ლუკოილი“ – რუსული. რაც შეეხებაგალფს“, ის ქართული კომპანია იყო, რომელიც რუსულ კომპანიაზე გაიყიდა. აქედან გამომდინარე, „გალფიც“, გარკვეულწილად, რუსული კომპანიაა. რაც შეეხებარომპეტროლს“, მასში რამდენიმე ქვეყნის წილებია გაერთიანებული და რამდენიმე ინვესტორი ჰყავსრამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სრულად ქართული კომპანიაავისოლი“. “ – აღნიშნავს ბაირახტარი.

მან, ასევე, დასძინა, რომ  „გალფისმნიშვნელოვან ნაწილს რუსულიროსნეფტიფლობს.

ექსპერტი საწვავის ფასების ზრდის ტენდენციაზეც გვესაუბრა. ცნობილია, რომ დღეს საქართველოში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ღირებულების მაჩვენებელი უკვე 3 ლარსა და 50 თეთრს გადასცდა.

პაატა ბაირახტარს ვკითხეთ, რატომ ღირს საწვავი ამდენი და სადამდე შეიძლება გაიზარდოს ფასი.

ჩვენს კითხვაზე პასუხად, დარგის სპეციალისტმა  ღირებულების განსაზღვრის რამდენიმე ინდიკატორი დაასახელა:

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, საქართველოში საწვავის გაზრდილი ფასები გლობალურ ტენდენციებს და ლარის გაცვლით კურსს უკავშირდება. მისი განმარტებით, მოსაზრება, რომ შემომტანი კომპანიები ტარიფს ხელოვნურად წევენ, ამ შემთხვევაში, სიმართლეს არ შეესაბამება და მათკენ თითის გაშვერა არასწორია. თუ ვინმე ფასის ხელოვნურად მომატებაზეა პასუხისმგებელი, ეს „ოპეკი“ (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) და „ოპეკი პლუსის“ წევრი ქვეყნების შეთანხმებაა, რომლებიც ბაზარზე ხელოვნურ დეფიციტს ქმნიან.

„ისინი დიდი ხანია, შეთანხმდნენ მოწოდების შემცირებაზე, რათა, ბაზარზე ხელოვნური დეფიციტის შექმნით, დაიჭირონ მაღალი ფასები. ამ ყველაფერს ემატება რეგიონული პროცესები, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. თუმცა, აშშ და სხვა ქვეყნები ცდილობენ ფასის მუდმივი ზრდის პრობლემა, გარკვეულწილად, მოაგვარონ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანთან და ვენესუელასთან გლობალური ბაზრისთვის უფრო მეტი ნავთობის მიწოდების თაობაზე, რათა ეს დეფიციტი შედარებით დაბალანსდეს. თუ ჩვენ ბოლო 2-3-დღიან ტრენდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ 127$-დან ბარელი ნავთობის ფასი 107$-მდე ჩამოვიდა, რაც საკმაოდ სწრაფი შემცირებაა.

საქართველოში საწვავის ფასზე ორმაგი შოკი მოქმედებს. პირველი მათგანი ზემოთ ხსენებული გლობალური ტენდენციებია, მეორე – გაცვლითი კურსი. ბოლო 1 თვის ჭრილში ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. სწორედ ამ ორი შოკის ერთობლიობამ გამოიწვია საქართველოში საწვავის ფასის ისეთი მკვეთრი ზრდა, როგორიც ადგილობრივ ბაზარზე ბოლო 10-15 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

საბედნიეროდ, გლობალურ ბაზრებზე უკვე დაწყებულია ნავთობის ფასის შემცირება. ბოლო დღეების მანძილზე შეინიშნება ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაც. თუ ეს პროცესები გაგრძელდა, საწვავის ფასმა მომდევნო 14-20 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა დაიკლოს.“, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.

ზემოთ ხსენებული ფაქტორების გარდა, რუსეთ-უკრაინის ომს და აშშ-ის მიერ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე უარის თქმას საწვავის ფასის ზრდის მნიშვნელოვან მიზეზებად მოიაზრებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. მისი განმარტებით, საომარი მოქმედებების შემდეგ ნავთობის ფასი ნახტომისებურად გაიზარდა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად იზრდება. მსოფლიოში პანდემიის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი იწვევდა ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას, რომლის პარალელურადაც, „ოპეკი პლუსი“, ფაქტობრივად, არ ზრდიდა წარმოებას, რაც განაპირობებდა ნავთობზე მოთხოვნილება-მიწოდებას შორის მნიშვნელოვან დისბალანსს. ამას შემდგომ პერიოდში დაემატა გამწვავებული ურთიერთობა რუსეთ-უკრაინას შორის, რამაც ნავთობის ფასი საომარი მოქმედებების დაწყებამდე გაზარდა 99 დოლარამდე/ბარელზე. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი, ფასმა ნახტომისებური მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო და 140$-იან ნიშნულსაც კი გადააჭარბა.

ბოლო დღეების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო აშშ-ის მიერ  რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე (670 ათასი ბარელი/დღეში) უარის თქმა, რამაც სანავთობო ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად დაძაბა. მსოფლიოში რუსული ნავთობის ჩანაცვლების სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტები განიხილება. ბოლო 2 დღის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნად მცირდება, რაზეც უდიდესი გავლენა აქვს  ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო გადაწყვეტილებას, უარი არ თქვან რუსულ ნავთობზე და მათ შორის იმას, რომ საუდის არაბეთმა შესაძლოა გაზარდოს ნავთობის წარმოება,“ – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

აღნიშნული კითხვებით, „კვირა“ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ მსხვილ კომპანიებსაც დაუკავშირდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათთვის პრობლემურ თემაზე დღეს საუბარი არ სურთ. „რომპეტროლს“, „ვისოლს“ „სოკარს“, „გალფს“ და „ლუკოილს“ შორის მედიისთვის ღია მხოლოდ „რომპეტროლი“ აღმოჩნდა.

როგორც „რომპეტროლში“ აცხადებენ, კომპანიას ისტორიულად რუმინული წარმომავლობა აქვს, რომელიც ამჟამად ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მფლობელობაში არსებულ საერთაშორისო ჯგუფ  „ქეი-ემ-ჯი ინტერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს წარმოადგენს, ხოლო „რომპეტროლ საქართველო“ ამ ჯგუფის შვილობილი და „რომპეტროლის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის საფასო პოლიტიკა მთლიანად საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, თუმცა ღირებულების ზრდა მისასალმებელი არც მათთვის არის, რადგან ეს მომხმარებლების განწყობაზეზ ნეგატიურად აისახება.

ასეა თუ ისე, საწვავზე გაზრდილი ფასები უკვე მოცემულობაა. საფასო პოლიტიკის მართვის წინაშე კომპანიებიც და საზოგადოებაც უძლურია. მოსახლეობას კი ერთადერთი, რაც შეუძლია, კომპანიის მისთვის ღირებული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევაა – წარმომავლობის, ფასის და ხარისხის გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები