ნიკოლოზ სამხარაძემ „შავი ზღვის სტრატეგიული გარემოს სტაბილიზაციის გზები და გამოწვევები” ვებინარში მიიღო მონაწილეობა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „შავი ზღვის სტრატეგიული გარემოს სტაბილიზაციის გზები და გამოწვევები” ონლაინ ვებინარში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის ინფორმაციით, მონაწილეებმა რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო შეჭრის შედეგად შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევების და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ნიკოლოზ სამხარაძემ შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და გამოწვევებზე, ასევე მათზე რეაგირების სხვადასხვა მიდგომაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიაზე და საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ აგრესიით შექმნილ გამოწვევებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების მნიშვნელობას.
„მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი, მუდმივად მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგში. ჩვენმა პარტნიორებმა ევროპაში და აშშ-ში მომავალშიც უნდა გააძლიერონ მათი როლი და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ შავი ზღვის რეგიონში, საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს. ონლაინ დისკუსია ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის” ორგანიზებით გაიმართა.