ლევან ბეჟაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლაში ისეთი ამოცანები იქნა დასახული, რომელიც ჩვენ ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ
„პრეზიდენტის გამოსვლაში ისეთი ამოცანები იქნა დასახული, რომელიც ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. მის გამოსვლაში მოვისმინეთ ასევე კრიტიკა, თუმცა შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს, განსაკუთრებით ოპოზიციის ნაწილში” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. „გეოპოლიტიკური კატაკლიზმების ეპოქაში ვიმყოფებით, ახალი მსოფლიო კონფიგურაცია იქმნება და მნიშვნელოვანია რა პოზიციას, რა მხარეს დაიკავებს ქვეყანა, იმიტომ, რომ ეს პოზიცია განსაზღვრავს 20 წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიას – სად იქნება ქვეყანა და რა პერსპექტივით. საქართველომ 90-იანებში შიდა დაპირისპირების შედეგად გაუშვა ეს შესაძლებლობა მოხვედრილიყო პროგრესული სახელმწიფოების გვერდით და დღესაც, სამწუხაროდ ამ პროცესს – ახალი მსოფლიო გადალაგების პროცესს აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა ქვეყანა.
იმდენად მოუმზადებელი, რომ ხმამაღლა, ნათლად იმის თქმაც კი გვერიდება ისტორიის რომელ მხარეს ვართ, პროგრესული სამყაროს გვერდით თუ ბოროტების გვერდით” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. მისი თქმით, დღეს უკრაინაში წყდება პროგრესული სამყაროს მომავალი ბედი.
„სამწუხაროდ ამ კვირების განმავლობაში ხშირად მოგვისმენია მთავრობის წარმომადგენლებისგან რომ მოვიცადოთ, არ ჩავერიოთ ომში, „ომის პარტია” და ასე შემდეგ. ბუნებრივია ომი არავის გვინდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ” უნდა თქვას სიმართლე, რომ მოქმედება მარტო სამხედრო ბრძოლაში არ გამოიხატება. ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში, ეს არის ღირებულებითი ბრძოლა, ბრძოლა თავისუფალ სამყაროსა და ბოროტებას შორის. არჩევანი ნათელი გვაქვს პროგრესული სამყაროს მხარეს ვართ თუ ბოროტების. უნდა წარმოვიდგინოთ ყველა ის რისკი, რომლის წინაშეც ახლა დგას უკრაინა, თვალი გავუსწოროთ იმ ღირებულებებს, რასაც ახლა სიცოცხლის ფასად იცავს მებრძოლი უკრაინა. ეს ჩვენთვის ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ ჩვენ იგივე გზა გავიარეთ 2008 წელს. ეს არის ოკუპანტის მიერ ღია ულტიმატუმი, უარი დამოუკიდებლობაზე და ნატოზე, სწორედ იგივე მოთხოვნები ჰქონდა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის წინაშეც. მიუხედავად უკრაინასთან ამ საერთო მიზნებისა და ამოცანებისა, გაუგებარი და მიუღებელია ის პასიურობა რასაც მთავრობა იჩენს უკრაინის სოლიდარობის თემასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით. უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში კი მტრის სახელის ჩაწერაც ვერ მოახერხა პარლამენტმა და ყველაზე ნეიტრალური დახმარება, ჰუმანიტარული დერეფანიც კი ვერ შესთავაზა განადგურებულ ოჯახებს და ჩვენთვის მრავალჯერ დახმარების აღმომჩენ ქვეყანას”, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
მან თავის გამოსვლაში ეროვნული თანხმობის აუცილებლობაზე ისაუბრა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, გვჭირდება ერთიანობა და მომზადება იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს. სამწუხაროა, რომ წარსულზე მუდმივი დავით უკვე დავკარგეთ აწმყო და ვკარგავთ მომავალსაც. ეროვნული თანხმობის გარეშე ვერ მიიღწევა ვერც ერთი დიადი მიზანი, ეროვნული თანხმობის და კონსოლიდაციის გარეშე ვერ შედგება ერი, როგორც დამოუკიდებელი კონსოლიდირებული ორგანიზმი, რომელსაც შეეძლება გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს”.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეროვნული თანხმობისათვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა გაითვალისწინოს, რომ ომში მყოფი პარტნიორი სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანია უკრაინის მთავრობის წევრი, რეფორმების საბჭოს წევრი და პრეზიდენტის მრჩეველი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს კიევში. „დღეს ეს სჭირდება უკრაინას, მისი დაბრუნება კიევში იქნება ომში მყოფი პარტნიორი სახელმწიფოსათვის კონკრეტული დახმარება”, – განაცხადა დეპუტატმა. ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის წერილი გადასცა, სადაც ის ინიციატივით გამოდის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. „რასაც ის დღეს აკეთებს ეს არის უკრაინის ბრძოლა და ქართველი ხალხის ბრძოლა. ამიტომ, ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიიღოთ ეს შუამდგომლობა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.