მამუკა მდინარაძე: სახელმწიფომ რაციონალიზმის მაღალი ხარისხით უნდა იმოქმედოს და აარიდოს ქვეყანას ომი, რომელში ჩათრევასაც ცდილობენ ვიღაცები
“ამ სიტუაციაში ჩვენმა ქვეყანამ თუკი რაციონალიზმის რაიმე ხარისხი შეიძლება არსებობდეს, ამ რაციონალიზმის მაღალი ხარისხით უნდა იმოქმედოს და აარიდოს ამ ქვეყანას ომი, რომელში ჩათრევასაც ცდილობენ ვიღაცები”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა და ის აგრესია იყო, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.
„უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა დღეს. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იქედან გამომდინარე, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი მობრძანდება და თავისი მოხსენებით წარდგება, შემდეგ დღეებში იქნება მიმდინარე საკითხები, მათ შორის სამშაბათს ტრადიციული საკითხები, ხოლო ხუთშაბათს, 17 მარტს მოვუსმენთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და “მინისტრის საათის” ფორმატში გაიმართება ეს მოსმენა საქართველოს პარლამენტში. მთავარი საკითხები იყო პრეზიდენტის მოხსენება, მათ შორის შს მინისტრის მოსმენა, რომელზეც შევთანხმდით, რომ 17 მარტს უნდა გაიმართოს, რა თქმა უნდა, უკრაინის და იმ პოლიტიკის საკითხი, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია მსოფლიოში რუსეთის ღია აგრესიით და უკრაინაში წარმოებული ომით, ასევე, ის პრობლემები, რომელიც უფრო ფართო მასშტაბის ხდება, იცით გუშინდელი სიტუაცია აშშ-ის საკონსულოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, პრობლემა უფრო გლობალური ხდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ამ სიტუაციაში ჩვენმა ქვეყანამ თუკი რაციონალიზმის რაიმე ხარისხი შეიძლება არსებობდეს, ამ რაციონალიზმის მაღალი ხარისხით უნდა იმოქმედოს და აარიდოს ამ ქვეყანას ომი, რომელში ჩათრევასაც ცდილობენ ვიღაცები (არ დავკონკრეტდები) და აარიდოს ის მაქსიმალური რისკი, რაზეც სამწუხაროდ, ჩვენი არაკეთილისმოსურნენი იღწვიან, ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით არსებულ ძალებს ვგულისხმობ, რომელიც ამას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც აკეთებენ”,- განაცხადა მდინარაძემ.