აგრარულ საკითხთა კომიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია მოისმინეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ საკითხი განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, სამინისტროში პრაქტიკულად დასრულებულია მუშაობა „ქარსაფარი ზოლების შესახებ” კანონის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, „ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრულ კანონქვემდებარე აქტებზე და ისინი დადგენილ ვადებში იქნება გამოქვეყნებული.

კომიტეტის სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია ა(ა)პ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

„2021 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის. 2020 წელთან შედარებით, საექსპორტო პროდუქციის წარმოების და მიწოდების არნახული ზრდა გვქონდა. 200 მილიონი დოლარით გაიზარდა ექსპორტირებული პროდუქციის მიწოდება და მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჩვენს ისტორიაში გადავლახეთ მილიარდ 142 მილიონ დოლარიანი ზღვარი. ეს არის შთამბეჭდავი ციფრი ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის, ეს არის სწორედ შედეგი იმ პროექტების, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა საკითხზე საუბრისას.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებსა/პროექტებზე და სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების და მიღებული შედეგების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.

კომიტეტმა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები