ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას, უკრაინაში მიმდინარე ომს, საქართველო-ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. „ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან. ჩვენს კომიტეტს კარგი თანამშრომლობა აქვს ბრიტანეთის საელჩოსთან.

საქართველო და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და გაძლიერებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ბუნებრივია, ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარემოზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის შემდეგ. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და ამავე კომიტეტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები