ბოლო 1 კვირაში ლარის ასეთი სწრაფი გაუფასურება, როცა ის, ფაქტობრივად, 15 %-ით გაუფასურდა, უკვე შეიცავდა იმის ნიშნებს, რომ ეს შეიძლება, აჟიოტაჟური განწყობების შედეგი ყოფილიყო, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძემ ლარის გაუფასურების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსზე არაეკონომიკურმა ფაქტორებმა – პანიკამ და აჟიოტაჟმა იმოქმედა.
„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რამდენად განაპირობებს ლარის ქცევას, ამ შემთხვევაში, გაუფასურების ნაწილს ვგულისხმობ, ეკონომიკური ფაქტორები და რამდენად არაეკონომიკური ფაქტორები, ანუ განწყობები, რომელსაც ხშირად ნეგატიურ მოლოდინებს ეძახიან. ბოლო 1 კვირაში ლარის ასეთი სწრაფი გაუფასურება, როცა ის, ფაქტობრივად, 15 %-ით გაუფასურდა, უკვე შეიცავდა იმის ნიშნებს, რომ ეს შეიძლება, აჟიოტაჟური განწყობების შედეგი ყოფილიყო. ამას პანიკაც შეიძლება დავარქვათ. როგორც კი ეროვნულმა ბანკმა 9 მარტს ინტერვენცია დაიწყო და 50 მილიონი დოლარი გამოიტანა, ჩვენ ვნახეთ, რომ ბაზარმა ეს თანხაც კი ვერ აითვისა. ფაქტობრივად, მოთხოვნა მხოლოდ 40 მილიონზე იყო, 10 მილიონი აუთვისებელი დარჩა. ესეც ინდიკატორია იმისა, რომ რეალურად მოთხოვნა არ იყო, დოლარის დეფიციტი არ იყო. ესაა ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ 1 დღეში როგორ სწრაფადაც გაუფასურდა, ისევე სწრაფად დაიწყო გამყარება. დღესაც ვხედავთ, რომ ლარი მნიშვნელოვნად, 12-15 თეთრითაა გამყარებული. ესაა ზუსტად არაეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენა. აქაა პანიკის, აჟიოტაჟის ზეგავლენა.
ეს პანიკური აჟიოტაჟი არა მხოლოდ სავალუტო კურსზე შეინიშნება, სურსათზეც ვნახეთ, როცა, მაგალითად, მაღაზიებიდან შაქარი გაქრა. აჟიოტაჟური განწყობის შედეგად, ადამიანები იწყებენ იმაზე მეტის შეძენას, ვიდრე სჭირდებათ, რადგან გარკვეული ნეგატიური მოლოდინებია. ცალკე თემაა ის, თუ რა ქმნის ამ ნეგატივებს. სამწუხაროდ, რეგიონში დაძაბულობაა. ომია, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, რეალურად კი, რუსეთსა და დასავლეთს შორის. აქედან გამომდინარე, ეს ნეგატიური მოლოდინები შეიძლება, არსებობდეს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, ყველა ეკონომიკური ფაქტორი წესრიგშია. ნეგატიური განწყობების ზრდა კი პოლიტიკური ფაქტორის შედეგია.
„ჩვენთან ნეგატიური მოლოდინები პოლიტიკური ვექტორის გამო კიდევ უფრო გაზრდილია. ვნახეთ, რომ რაც ომი დაიწყო, ოპოზიციის მხრიდან როგორი „მესიჯბოქსია“. გაუთავებელი მიტინგომანია, მოწოდებებია. ოპოზიციის ნარატივი ხელისუფლების დემონიზაციაზეა აგებული, „ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია მიმდინარეობს. ადამიანი როცა ამ ნეგატივს, როგორც ინფორმაციას იღებს, ბუნებრივია, უჩნდება განცდა, რომ, შეიძლება, ხვალინდელი დღე კიდევ უარესი იყოს. ყველა ეკონომიკური ფაქტორი წესრიგშია. ნეგატიური განწყობების ზრდა პოლიტიკური ფაქტორის შედეგია.
რომ შევაფასოთ, რამ შეიძლება ლარზე ზეგავლენა იქონიოს: პირველ ყოვლისა, ესაა სავალუტო შემოდინებები, ინვესტიციები, ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი. ესაა ძირითადი წყაროები, რომელიც სავალუტო ბალანსს ქმნის. დავიწყოთ ინვესტიციებით. დღეს გასული წლის ინვესტიციების მოცულობაზე საქსტატის მონაცემები გამოქვეყნდა. უნდა გითხრათ, რომ რეკორდია მოხსნილი. გასულ წელს მილიარდ 150 მილიონი ინვესტიციაა შემოსული. დაახლოებით 101 %-ითაა გაზრდილი 2020 წელთან, პანდემიურ პერიოდთან შედარებით. ინვესტიციები შემოსულია როგორც ფინანსურ სექტორში, ასევე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ინვესტიციებში 60 %-ზე მეტი რეინვესტირებაა. ანუ, მოგება რომელიც უცხოური კაპიტალით შექმნილმა საწარმოებმა მიიღეს, დივიდენდის სახით გარეთ კი არ გავიდა, კი არ გაიტანეს კაპიტალი, არამედ ის ჩვენს ეკონომიკაში დატოვეს.
ფულადი გზავნილები შარშანაც მაღალი იყო. სხვათა შორის იანვარშიც, იგივე იქნება თებერვალშიც. ზრდა იყო 18 %, ექსპორტი 48%. ფულადი გზავნილები 13 %-ითაა გაზრდილი. 2019 წლის ტურიზმი 70 %-ით აღდგენილია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ფასები გლობალურ ბაზრებზეა დამოკიდებული.
„რაც შეეხება სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ფასებს. ეს დამოკიდებულია არა ჩვენზე, არამედ – გლობალურ ბაზრებზე. ამ კონფლიქტმა მიწოდების ჯაჭვების გარკვეული წყვეტა გამოიწვია. ძირითადი საქონელი ყველგან გაძვირებულია. ეს ჩვენს ბაზარზეც აისახება. სასურსათო კალათის დიდი ნაწილი ჩვენთან იმპორტულია. ჩვენთვის მომავალში ერთ-ერთი ამოცანაა, როგორ მოხდეს იმპორტის მთელი რიგი საქონლის ადგილობრივი საქონლით ჩანაცვლება. მეორე: რუსული ბაზრის შეკუმშვა და ეკონომიკის ვარდნა ყველა მის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაზე აისახება. ჩვენი ამოცანაა, ბაზრის დივერსიფიკაცია მოვახდინოთ”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3189 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.4019 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6607 ლარია. გუშინ მოქმედი კურსი 3.7360 ლარს შეადგენდა.
თამუნა შეყილაძე