მამუკა მდინარაძე ხატია დეკანოიძეს – რეზოლუციაში უდავო ფაქტები რომ ჩაწერილიყო, ამიტომ დააბრალეთ საკუთარი სამშობლოს სამხედრო ძალებს 7 აგვისტოს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა?!
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ნაცმოძრაობის ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ რეზოლუციასთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძის “ფეისბუქ” პოსტს ეხმიანება.
„რეზოლუციაში უდავო ფაქტები რომ ჩაწერილიყო, ამიტომ დააბრალეთ საკუთარი სამშობლოს სამხედრო ძალებს შვიდ აგვისტოს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა???!!! – დამაზუსტებელი კითხვა “ნაცმოძრაობას” ჩემგან, ისტორიის სრულყოფისა და მეხუთე კოლონის ბოლომდე ლუსტრირებისთვის!
P. S. ხმები ისედაც ჰყოფნიდა!..“ წერს მამუკა მდინარაძე Facebook -ზე.
მამუკა მდინარაძემ “ფეისბუქის” გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ რადიკალურ ოპოზიციას მის გუშინდელ განცხადებაში მითითებულ არც ერთ პუნქტზე პასუხი არ აქვს.
„მათ კვლავ არ გაუციათ პასუხი კითხვაზე, რატომ დაუჭირეს იმ რეზოლუციას მხარი, სადაც ეწერა, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართველი სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვით დაიწყო და რუსეთის შეტევა საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული?! არის თუ არა ეს საკუთარი ქვეყნის ღალატის განსაკუთრებული და უნიკალური მტკიცებულება?! ამ კითხვაზე მეხუთე კოლონის მხრიდან განსაკუთრებული დუმილია!.. – წერს მდინარაძე.