ოთარ შამუგია – „არანაირი საფუძველი არ არსებობს შაქრის კუთხით მომარაგების შეფერხების, რადგან ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა; ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმპორტიორები და ბიზნესი მზადაა, რომ იმ პროდუქტებთან მიმართებით, რომელთა მოწოდებაშიც შესაძლოა, გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა ბაზრებიდან მოწოდებით ჩაანაცვლოს.

„ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ჩვენს ბიზნესს, იმპორტიორებს, რათა მათ შესაბამის ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა და ჩვენი საელჩოების, ჩვენი კოლეგა სამინისტროების მეშვეობით მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ კონტაქტების დამყარებაში და შესაბამისი ბაზრების მოძიებაში. ამ ეტაპზე იმპორტიორი ქვეყნების ჩანაცვლების საჭიროება არ დგას”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები