გერმანია უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე უარს აცხადებს
გერმანია უკრაინას სამხედრო თვითმფრინავებს არ მიაწოდებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ჩვენ მივაწოდეთ ყველა სახის თავდაცვის მასალა და გავგზავნეთ იარაღი, რომლის შესახებაც ინფორმაციაც მოგაწოდეთ. ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ და სამხედრო თვითმფრინავი არ არის ამის ნაწილი“, – განაცხადა შოლცმა.
ამასთან, მისი თქმით, გერმანიის მთავრობა რამდენიმე თვეა, რუსეთიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე ქვეყნის დამოკიდებულების შესამცირებლად მუშაობს.
“ბევრი ტექნიკური საკითხია გადასაწყვეტი”, – აღნიშნა შოლცმა.
შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინაში გამანადგურებლების გასაგზავნად შეერთებული შტატებისგან “მწვანე შუქი” მიიღეს. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პოლონეთთან უკრაინის დახმარებაზე. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა, თუ როგორ მოხდება თვითმფრინავების პოლონეთიდან უკრაინაში მიტანა.
8 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ვარშავა მზად არის, უკრაინისთვის მისაწოდებლად შეერთებულ შტატებს გადასცეს ყველა მისი MiG-29 გამანადგურებელი.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად განიხილონ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი.