თამაზ გაიაშვილი – „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათ МИР-ის მეშვეობით არცერთი ბილეთი არ გაუყიდია”

„ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით არცერთი ბილეთი არ გაუყიდია”, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანია WebSky.net-სთან, რომელიც ბილეთების რეალიზაციას ონლაინ პლატფორმის საშუალებით ახდენს. WebSky.net საქართველოს ბანკთან თანამშრომლობს, საქართველოს ბანკი კი საგადახდო ბარათ МИР-თან არ თანამშრომლობს, შესაბამისად, ვერც ერთი ბილეთი ვერ იქნებოდა გაყიდული საგადახდო ბარათ МИР-ის მეშვეობით.

„დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი. გუშინ დამირეკა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა და პირდაპირ ასეთი შეკითხვა დამისვა, თქვენ აწარმოებთ თუ არა ბილეთების გაყიდვას საგადახდო ბარათით МИР. მე ვუპასუხე, რომ არ ვიცი, არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ რომც ვაწარმოებდეთ, რა?! ჩვენ არ ვყიდით ბილეთებს. ბილეთები იყიდება ონლაინ სისტემით, ასეთი კომპანიაა, „WebSky.net“, რომელთანაც „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული და ხელშეკრულების მიხედვით, ამ სისტემის მეშვეობით ახორციელებს ჩვენი ბილეთების რეალიზაციას. WebSky.net უკრაინული კომპანიაა, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირში, ესპანეთში, ბევრი ავიაკომპანიის ბილეთებს ყიდის და მათ შორის ჩვენსასაც. ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს იმასთან, თუ როგორ აწარმოებს ეს კომპანია ბილეთების რეალიზაციას. სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ არც ჩვენ და არც WebSky.net-ს არც ერთი ბილეთი არ გაუყიდია საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით. საქართველოს ბანკი მიერთებულია WebSky.net-თან და საქართველოს ბანკის მეშვეობით ხდება შემოსავლების მიღება და როგორც დღეს გავარკვიე, საქართველოს ბანკი არ მუშაობს საგადახდო ბარათ МИР-თან. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ ერთი ბილეთი მაინც იყოს გაყიდული საგადახდო ბარათ МИР-ის მეშვეობით. ეს აჟიოტაჟი მოჰყვა იმას, რომ ვითომდა მე ვთქვი, რომ არ ვუერთდები სანქციებს. სანქციებს ვუერთდები თუ არ ვუერთდები, ეს შეიძლება ჩემი პიროვნული აზრი იყოს და ამასთან, მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები იმ დარგში, რომ ქვეყანა შეუერთდება თუ არა სანქციებს, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ის, რაც დღეს ხდება, ზედმეტია“, – განაცხადა გაიაშვილმა.

თამაზ გაიაშვილმა აღნიშნა, რომ „ჯორჯიან ეარვეისმა“ რუსეთში ფრენები 2019 წლის ივნისის, გავრილოვის მოვლენების შემდეგ შეწყვიტა, რამაც კომპანია ძალიან დააზარალა და გაკოტრებამდე მიიყვანა.
„მე მინდა, ყველას ვუთხრა, მათ შორის, ოპოზიციასაც და პოზიციასაც, რომ „ჯორჯიან ეარვეისმა“ რუსეთში ფრენები შეწყვიტა 2019 წლის ივნისის, გავრილოვის მოვლენების შემდეგ. ფრენები მაშინ შეწყდა და დღემდე არ აღდგენილა, „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთში ფრენებს არ ასრულებს და ჩვენ იმ დღიდან პრაქტიკულად მწვავე დისკუსიებს ვაწარმოებთ ამ თემაზე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ფრენა, კომპანიამ ძალიან დიდი ზიანი მიიღო რუსეთთან ფრენების შეწყვეტით, პრაქტიკულად გაკოტრების პირზეა და ჩვენ ფაქტიურად რუსეთთან 2019 წლიდან ვართ ამ ომში ჩართული“,- განაცხადა გაიაშვილმა.

მისივე თქმით, „ჯორჯიან ეარვეისი“ 2008 წლის ომში ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც დაფრინავდა და სწორედ მან უზრუნველყო, რომ ომის დროს საქართველო საინფორმაციო ბლოკადაში არ მოხვდა.
„ მე ასევე მინდა მოგახსენოთ და ბევრის გასაგონად ვთქვა, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ 2008 წლის ომში ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც დაფრინავდა. აბსოლუტურად ყველა კომპანიამ შეწყვიტა ფრენა, „ჯორჯიან ეარვეისი“ დაფრინავდა, მას ჩამოჰყავდა ჟურნალისტები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რისკი იყო. რისკების მიუხედავად, კომპანია დაფრინავდა და დიდი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ საქართველო საინფორმაციო ბლოკადაში არ მოხვდა. დღეს ჩვენი მილიონამდე თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და გამოდის, რომ ჩვენ მათ საქართველოში ჩამოსვლას ვუკრძალავთ. ძალიან არასწორი იქნება, რომ ჩვენ ჩვენს თანამემამულეებს არ დავეხმაროთ სამშობლოში ჩამოსვლაში“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები