გიორგი ტყემალაძე – „მნიშვნელოვანია თვითმმართველობის ასოციაციის როლი როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციისთვის“
დღეს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მეშვიდე ეროვნული ასამბლეა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, როგორც ასამბლეის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, უძღვებოდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ასამბლეაზე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად მოქმედი პრეზიდენტი, კახა კალაძე აირჩიეს. „ადგილობრივი თვითმმართველობის ასამბლეაზე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად მოქმედი პრეზიდენტი, კახა კალაძე ავირჩიეთ. მინდა, მივულოცო ბატონ კახის ამ თანამდებობაზე არჩევა და ვუსურვო წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის ასოციაციის როლი როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტების კოორდინაციის ნაწილში, ასევე, ყველა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დღესვე, ასამბლეაზე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო აირჩიეს. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში თანაფარდობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამომდინარე შეირჩა.
„რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ წარმოადგინეს კანდიდატები. ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში 23 წევრიდან 11 ოპოზიციის წარმომადგენელია. ჩვენ დღეს მათ კანდიდატებს მხარი დავუჭირეთ. შესაბამისად, ოპოზიციას აქვს სრული შესაძლებლობა, რომ სრულფასოვნად ჩაერთოს ასოციაციის საქმიანობაში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.