ნდობის ჯგუფის წევრებმა ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, რომელმაც უწყების საქმიანობის საიდუმლო ნაწილის შესახებ 2021 წლის ანგარიშზე ისაუბრა.

პარლამენტის ინფორმაციით, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებებზე, სტრატეგიული მილსადენის დაცვასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზეც გაამახვილა. შეხვედრის შემდეგ, ვახტანგ გომელაურის ანგარიში ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ შეაფასა და გაწეული საქმიანობისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი უმნიშვნელოვანესი მანდატიდან გამომდინარე, საქმიანობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მართლწესრიგის უზრუნველყოფა, დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო საზღვრის მართვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. სამინისტრო თავისი ფუნქციებით სხვადასხვა სფეროში და ჩვენს მოქალაქეებთან ყოველდღიური, მჭიდრო კონტაქტით, საზოგადოებრივი სერვისის ყველაზე დიდი მიმწოდებელია ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ინტერესების გათვალისწინებით, სამინისტროს ამოცანების ეფექტიანი შესრულების მიზნით, უწყების საქმიანობის გარკვეული ნაწილი არ არის საჯარო, ის არის დახურული. სწორედ ამ ნაწილზე გვქონდა დღეს საუბარი. ეს ეხება სფეროებს, როგორებიცაა: სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საიდუმლო შესყიდვები”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის შეფასებით, 2021 წლის განმავლობაში ძლიერდებოდა სახელმწიფო საზღვრის მართვის შესაძლებლობები, როგორც ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური, ასევე, პირადი შემადგენლობის მომზადება/გადამზადების თვალსაზრისით. მისივე განცხადებით, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა საოკუპაციო ძალის მხრიდან, საპოლიციო დანაყოფები ეფექტიანად ახდენდნენ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, ინციდენტების პრევენციას. წარმატებით მიმდინარეობდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, როგორც ეროვნული სამართალდამცავი რესურსით, აგრეთვე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში არსებული ინსტრუმენტებით.

„მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების დაცვას, რომელთა გამართულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საქართველოს, ასევე, პარტნიორი სახელმწიფოების ენერგოუსაფრთხოებაში. ჩვენი შეფასებით, სამინისტროს საქმიანობა იყო ეფექტიანი და წარმატებული. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო შს მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურის, როგორც ქართული სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელის როლი, რაც უწყების პროდუქტიული და წარმატებული საქმიანობის საფუძველია.

მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდ ოჯახს სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები