ირაკლი ბერაია: პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ შსს საკმაოდ ეფექტიანად საქმიანობს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტიანად საქმიანობდა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა, ორგანიზებული დანაშაულებთან ბრძოლა, საქართველოზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების დაცვა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დგამდა პროდუქტიულ ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარედ, უსაფრთხოების ზომების გატარებისთვის.

აღნიშნული კომენტარი ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ უწყება საქმიანობდა საკმაოდ ეფექტიანად ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა, რაც გამოიხატებოდა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიის განვითარებაში, პირადი შემადგენლობის მომზადება-გადამზადებაში, ეფექტიანად ხდებოდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ეფექტიანად ხდებოდა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების დაცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დგამდა ქმედით, პროდუქტიულ ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარედ, უსაფრთხოების ზომების გატარებისთვის. მინისტრმა ასევე ისაუბრა უწყების საიდუმლო შესყიდვების შესახებ, რომელიც შეადგენს უწყების შესყიდვების ძალიან მცირე ნაწილს რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უწყების გამჭვირვალობის ძალიან მაღალ ხარისხს. ასევე, ვისაუბრეთ უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რასაც დღეს განიცდის სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო, მეგობარი უკრაინელი ხალხი”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები