მეუფე დიმიტრი: სიფრთხილეა საჭირო – ჩვენ რა მოგვეთხოვება? მხოლოდ ლოცვა, ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია
დაიწყო დიდი მარხვა განცდებით, მწუხარებით. ჩვენ თვალს ვადევნებთ, რა ხდება ჩვენ გარშემო, სამეზობლოში. შეძრწუნებულები ვართ იმ ბოროტებით, რაც უკრაინაში ხდება. თანავუგრძნობთ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ქადაგებისას განაცხადა.
„გამოჩნდა ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელს კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის ქრისტიანად მიიჩნევს. მას ქრისტიანულ ფასეულობებთან არანაირი საერთო არ აქვს. ის, რომ ის მთელი სიამოვნებით მთელს მსოფლიოს უცხადებს და ეუბნება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, მე თუ ბირთვული იარაღი გამოვიყენეო – იმას არაფერი აქვს ქრისტიანობასთან. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანასაც, ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს და კაცობრიობას“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციასაც გამოეხმაურა.
“მინდა, ორი სიტყვით შევეხო ჩვენი ხელისუფლების პოზიციას. გარკვეული სიფრთხილე აუცილებელი და საჭიროა, რადგან აღმოსავლური სიბრძნეა ასეთი: როდესაც ადამიანი წყალში იხრჩობა, თავის გადარჩენის მიზნით გველსაც კი მოჰკიდებს ხელსო. ყველაფერზე შეიძლება წავიდეს და ყველანაირი საზიზღრობა შეიძლება ჩაიდინოს. ჩვენ რა მოგვეთხოვება? მხოლოდ ლოცვა, ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია”, – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე დიმიტრიმ.