თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ქალთა საერთაშორისო დღე აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლების დედას, ბელა ზალდასტანიშვილსა და ცნობილ მოცეკვავეს, ქორეოგრაფს, იამზე დოლაბერიძეს პირადად მიულოცა.

”ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ 8 მარტს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და განსაკუთრებით კი მშვიდობას, რომელიც დღეს ასე მნიშვნელოვანია. მქონდა პატივი, 8 მარტი პირადად მიმელოცა ბელა ზალდასტანიშვილისათვის, ქალბატონისათვის, რომლის ცხოვრებისეული ტრაგედია ომთან არის დაკავშირებული.

აფხაზეთის ომმა შეიწირა მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები. ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება მშვიდობის გარეშე შეუძლებელია – ქალბატონ ბელას ამ მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები. დღევანდელი დღე ჩვენი ერის კიდევ ერთ საამაყო ქალბატონს – იამზე დოლაბერიძეს პირადად მივულოცე. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ქალბატონი იამზეს წვლილი ჩვენი ქვეყნის კულტურის, ჩვენი ხასიათის, სულისა და ენერგიის წარმოჩენასა და მის პოპულარიზაციაში. მადლობა მას ჩვენი ეროვნულობისა და ტრადიციების ერთგულებისათვის. ვულოცავ მათ და ყველა ქალბატონს 8 მარტს, კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ ბელა ზალდასტანიშვილმა 1993 წლის 24 სექტემბერს ოთხი უახლოესი ადამიანი – შვილები, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები და ორი ძმა- ვასიკო და ნუკრი წიკლაურები დაკარგა. ისინი იმ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ, რომელიც ბაბუშერას აეროდრომზე რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო. იამზე დოლაბერიძე კი ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ბალეტის მსახიობი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები