ანრი ოხანაშვილი – ხატია დეკანოიძეს: „თქვენმა ე.წ. პროდასავლურმა ხელისუფლებამ რა ეროვნული ინტერესი მიიღო, როდესაც ოკუპანტის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი?
„რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ რომ დაუჭირეთ მხარი, მაინტერესებს, საქართველოს ეროვნული ინტერესი რა იყო?”, – პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კითხვით მიმართა ფრაქცია -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – თავმჯდომარეს ხატია დეკანოიძეს.
მისი ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში თითქმის 20 წელი ვერ წევრიანდებოდა რუსეთი და საქართველოს მხრიდან მისი მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი.
„თქვენმა ე.წ. პროდასავლურმა ხელისუფლებამ რა ეროვნული ინტერესი მიიღო, როდესაც ოკუპანტის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი? რომ არა ჩვენი მხარდაჭერა, ისე ვერ შედიოდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ეს იყო გადამწყვეტი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზეც გაამახვილა ყურადღება. „რატომ შემოიღეთ უვიზო რეჟიმი 2012 წლის თებერვალში, აგვისტოს ომიდან – ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან, დაბომბვიდან და ხალხის გაუბედურებიდან 4 წლის შემდეგ? ოკუპანტ რუსეთს რატომ მიეცით უვიზო რეჟიმი? ხალხი ხომ დაიღალა? ისმენს დემაგოგიას, მერე ჩვენ უნდა გამოვიდეთ და გამხილოთ”, – მიმართა ხატია დეკანოიძეს ანრი ოხანაშვილმა.